geo_flag eng_flag rus_flag

თენგიზ არჩვაძე:„ უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან“...
- +

3 აგვისტო. 2016. 12:00


დღეს განსაკუთრებით ვემზადებოდი ჩვენს აივანზე გასასვლელად... დიდი მორიდებით, მოწიწებითა და სიყვარულით... რადგანაც დღეს ჩვენი სტუმარია კაცი, რომელიც ჩემთვის სულ ბავშვობიდან და დღემდე (არაფერი შეცვლილა ერთი იოტითაც კი), რჩება ქართველი მამაკაცის სიმბოლო... ყველაფრით... შესახედავად... ღირსებით... ვაჟკაცობით... თავშეკავებით...ხმის ტემბრიდაც კი...

ეს არის ჩვენი უსაყვარლესი ბატონი თენგიზ არჩვაძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 3 აგვისტოს...

ბატონი თენგიზის  მიერ თეატრსა და კინოში განსახიერებული სახეები უბრალოდ რომ ჩამოვთვალო, ისიც კი დიდ დროს წაიღებს... შეფასების უფლება ხომ საერთოდ არ გამაჩნია, მაგრამ ერთის თქმა მაინც მინდა... მისი გმირები იმდენად ღრმანი არიან, იმდენად ყველასთვის გასაგები,  ახლობელნი და რაც მთავარია, იმდენად ბუნებრივი და „არანათამაშებნი", რომ მათ ყველა  დადებით თვისებებს უნებლიედ  ბატონ თენგიზს აწერ, რადგანაც ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ მართალი და კარგი კაცის როლის ასე თამაში არამართალ და არაკარგ კაცსაც შეუძლია...  სხვათაშორის, ბატონმა თენგიზმა ერთხელ თქვა, რომ ის უარს ამბობდა  როლზე, თუ ნაწარმოები ან გმირი არ მოწონდა და რომ უარყოფითი გმირიც კი ესთეტიური ჩარჩოებიდან მთლად ამოვარდნილი არ უნდა იყოს... 

 

თენგიზ არჩვაძე

მთავარი კი, ვფიქრობ, იცით, რა არის?.. ის, რომ დღეს ჩემთვის არსაკიძე ის არსაკიძეა, რომელიც ბატონმა თენგიზმა შემომთავაზა და გულით მივიღე, მუშნი ზარანდიაც   მისი მუშნია... თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე ნაწარმოები ფილმების ნახვამდე მქონდა წაკითხული და ჩემი საკუთარი კონსტანტინეც და მუშნიც მყავდა წარმოდგენილი...

ბატონი თენგიზი საოცრად ხატავს, მშვენივრად ერკვევა ისტორიაში, ლიტერატურაში არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს... მისი შესრულებით „მივალ მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა"  ხომ საერთოდ რაღაც სხვა არის... მთებს რომ წვდება, ისეთი...

ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ თქვა - „თენგიზ არჩვაძე ზოგადქართული პიროვნებაა... ასეთი ჰარმონიული კაცი იშვიათად შემხვედრიაო..."

ალბათ, მართლაც  ძალიან ძნელი და საპასუხისმგებლოა იყო ადამიანი, ვისაც ენდობა ყველა.... შეიძლება ითქვას, მთელი ერი... არ შეგეშალოს არაფერი, რადგანაც არავის არ ჯერა, რომ რამე შეიძლება შეგეშალოს... მაგრამ, მეორეს მხრივ, რომ დაფიქრდე...  ძნელია, როცა გინდა კარგი ადამიანი რომ იყო და ცდილობ, რაც უეჭველად დასაფასებელია, მაგრამ როცა  ასეთი ხარ და სხვანაირად არც წარმოგიდგენია და არც შეგიძლია... უბრალოდ, ცხოვრობ ისე, როგორც სუნთქავ...

კაცი  სუნთქვას და მაჯისცემას ხომ ვერ შეიცვლის... შეიძლება  რამდენიმე წამით შეაჩეროს, აიჩქაროს ან შეანელოს, მაგრამ ბოლოს მაინც მისთვის ჩვეულ რიტმზე გადავა...

მაგრამ, მეორეს მხრივ,... ასე ლამაზად რომ ცხოვრობ ამ რთულ და არეულ ქვეყანაში, როცა იცვლება შენი ქალაქი,  შენთვის ჩვეული ურთიერთობები... შენთვის მისაღები მთავარი ფასეულობები... როდესავ ხელიდან გეცლებიან შენი თაობის უდიდესი წარმომადგენლები, შენი ძმაკაცები...წარმომიდგენია, რამხელა გულისტკივილს გრძნობ და რამოდენა სევდას დაატარებ... 

როდესაც გარდაიცვალა ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი, ბატონმა თენგიზმა, რომელმაც მასთან ერთად მთელი ცხოვრება გამოიარა და მის 82 წლისთავზე თამადობას  აპირებდა, ბრძანა - „რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე... ყველანი წავიდნენ... ახლა ოთარი...  მერჩივნა... მე წავსულიყავი, ბატონო!"- და აი აქ, დღეს მე მინდა ვთქვა რისი თქმაც მაშინ მინდოდა და ვერ გავბედე - „ბატონო თენგიზ, გაუფრთხილდით თავს და დიდხანს იყავით ასე მხნედ და ჩვენს გვერდით, რადგანაც თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე, ჩვენი ეტალონი, რომელზეც უნდა გავსწორდეთ... შეიძლება არ გამოგვდის ბოლომდე, თქვენ რომ გინდათ ისე, მაგრამ  ხომ ვცდილობთ... ბოლოს და ბოლოს, ძალიან გვიყვარხართ"!!!

სხვათაშორის, „არ გამოგვდის"-თან დაკავშირებით... მინდა გაგიმხილოთ, გუშინ დამაინტერესა ბატონი თენგიზის გვარის წარმოშობამ და ბევრი რამე წავიკითხე არჩვებზე, განსაკუთრებით ჩვენებურზე, კავკასიურზე. ერთი ფრაზა მენიშნა - „არჩვი იშვიათი და მსუბუქი ცხოველია, რომელსაც ჩვევია ცხოვრება ძნელად და ზოგჯერ მხოლოდ მისთვის მისაწვდომ ადგილებში"...

ბოლოს კი მინდა გავიხსენო ერთი საოცრად ლამაზი კაცის,  რომნელიც ძალიან გტვენატრება და გვაკლია, ბატონი ჯემალ მონიავას სიტყვები - 

„დიდი ბედნიერებაა დადიოდე ქვეყნად ჩუმად, უხმაუროდ და შენდა უნებურად უყვედრებელ, უანგარო, წინასწარ მოუფიქრებელ სიკეთეს აფრქვევდე. ასეთია თენგიზი.

მის ღიმილს განზომილება არა აქვს - უკიდეგანოა და ხალასი.

მისი ხელის ჩამორთმევა ადამიანური სითბოს გადმომდებია.

მის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო საოცარი პოეტური ოდაა"...

დიახაც, ასეთია ბატონი თენგიზი...

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და გულში მზიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე



 

წყარო : wyaro
არქივი