geo_flag eng_flag rus_flag

კიდევ კარგი, „ოსკარი“ ქალი არ არის
- +

2 აგვისტო. 2016. 10:31


 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს უნდა გამოგიტყდეთ, რომ საოცრად მიყვარს ცისფერთვალება მამაკაცები... არა, „სხვანაირად" კი არ მიყვარს... ნამდვილი  სიყვარული თვალის ფერთან რა კავშირშია? (ზუსტად იგივეს იმეორებენ მამაკაცები, როდესაც საქმე  ქალის ფეხის სიგრძეს, ქერა თმებსა და გამომწვევ ფორმებს ეხება)...  თუმცა, ბავშვობიდან, განსაკუთრებული სიმპატიით ვარ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ცის ფერი თვალები აქვთ...  სხვათაშორის, არსებობს სერიოზული მეცნიერება - ფიზიანომისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ცისფერთვალება მამაკაცები, თუ მათ დროზე (ალბათ, სანამ „ჩემნაირებმა" არ შეაწუხეს) იპოვეს თავისი მეორე ნახევარი,  სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგულები რჩებიან... 

ამ თეორიის ალბათ, ერთ-ერთი  ყველაზე თვალნათელი დადასტურებაა სოცარი პოლ ნიუმენი, რომელიც, მისივე განცხადებით,  50 წელზე მეტ ხანს  იყო შეყვარებული თავის მეუღლე ჯოან ვუდვორდში და ისინი კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე სამაგალითო წყვილად ითვლებოდნენ... 

დღეს ჩვენი აივნის სტუმარი გახლავთ ასევე ცისფერთვალება და ასევე მომხიბვლელი ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც, სამწუხაროდ, პოლ ნიუმენის რეკორდს 30 წლით ჩამორჩა და სულ 20 წელი ყავდა მეუღლე, რომელიც მას თავად გასცილდა, მაგრამ ამ 20 წლის განმავლობაში, ამბობენ, რომ მას სხვა ქალისთვის არც კი შეუხედავს...

ეს გახლავთ წარმოშობით ირლანდიელი პიტერ ო'ტული (როგორც მას ჰოლივუდში ეძახდნენ - „ელეგანტური ავანტიურისტი"), რომელზეც დიდმა სერ ენტონი ჰოპკინსმა თქვა, რომ ქედს იხრის მის წინაშე და რომელიც ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 2 აგვისტოს დაიბადა...

 

კადრი ფილმიდან "როგორ მოვიპაროთ მილიონი"


პირველად პიტერ ო'ტული  ოდრი ჰეპბერნთან ერთად ვნახე ფილმში „როგორ მოვიპაროთ მილიონი" და სულ ვფიქრობდი - როგორ უხდებიან ერთმანეთს  - ორივენი ლამაზები, დახვეწილები, ხალისიანები არიან და, ალბათ, ამ ფილმის შემდეგ იქორწინებენ კიდეც-თქო... თუმცა, იგივეს ვფიქრობდი ოდრის და გრიგორი პეკის წყვილზედაც „რომაულ არდადეგებში"... როგორი გულუბრყვილო ვყოფილვარ მაშინ...

მეორედ კი პიტერ ო'ტული იმდენად განსხვავებულ როლში ვნახე, რომ ძლივს ვიცანი - ის ასრულებდა ტიბერიუსის, კალიგულას ბაბუის, როლს ტინტო ბრასის ფილმში „კალიგულა", რომელიც თბილისში პირველი ვიდეომაგნიტოფონების პარალელურად შემოვიდა და მაშინდელი გაგებით პორნოფილმად ითვლებოდა... მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც  განმეორებით ვნახე, დავაფასე ფილმის დონეც, და მასში მონაწილე მსახიობების,  მათ შორის, რა თქმა უნდა,  პიტერ ო'ტულის განუმეორებელი თამაშიც,.. სხვათაშორის, ბევრმა არ იცის, ან არ ახსოვს, რომ  კალიგულას მეუღლის, ცეზორიას  როლს ასრულებს განუმეორებელი ჰელენ მირენი, რომელიც ნამდვილად გეყოლებათ ნანახი ელისაბედ II-ზე გადაღებულ ფილმში „დედოფალი",  რომლისთვისაც მან „ოსკარი" მიიღო.

განსაკუთრებით მიყვარს პიტერ ოტული ჰენრი II -ის როლში ფილმში „ლომი ზამთარში", რომელშიც მას პარტნიორობას უწევდა  შეუდარებელი კეტრინ ჰეპბერნი. ისინი საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს - ეს იყო სიძლიერისა და ქალურობის რაღაც მისტიკური  შერწყმა... თანაც, ორივე გმირი შინაგანი ირონიით გამოირჩეოდა, რაც ფილმს ჩვეულებრივ მელოდრამაზე გაცილებით მაღლა აყენებდა... პირადად ჩემთვის კი ეს ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი დუეტი იყო, რაც მინახავს კინოში ან სცენაზე...

ბოლო ფილმი კი, რომელიც პიტერ ოტულის  შესრულებით ვნახე, იყო BBC-ს მიერ გადაღებული სატელევიზიო სერიალი „კაზანოვა", რომელშიც ო'ტული უკვე დაბერებული კაზანოვას როლს ასრულებდა... საოცარი ფილმია და ო'ტულიც სწორედ ისეთი კაზანოვაა, როგორიც წარმომედგინა... ფარული და მალული, მაგრამ ამით უფრო საშიში და საშინელი...

 

ინგლისის დედოფალთან შეხვედრისას

 

კრიტიკოსების შეფასებით, პიტერ ო'ტული უფრო თეატრალური მსახიობია და მან მართლაც შესანიშნავი სახეები შექმნა მსოფლიოს წამყვან სცენებზე, რაც შეეხება    კინემატოგრაფს, ის 8-ჯერ იყო წარდგენილი „ოსკარზე" მამაკაცის  როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ვერც ერთხელ ვერ დაეუფლა ესოდენ ნანატრ პატარა ქანდაკებას...

ბოლოს, მას „ოსკარი" მიანიჭეს  მისი წვლილისთვის მსოფლიო კინემატოგრაფიაში, არსებობს ასეთი ნომინაციაც... პირველად ეწყინა და უარი განაცხადა ცერემონიაზე დასწრებაზე, მაგრამ...  ბოლოს მაინც არ მისცა თავს ამის უფლება და ღირსეულად მიიღო  ჯილდო... თანაც ისეთი მომხიბვლელი იყო და  ისე ელეგანტურად იდგა სცენაზე უკვე საკმაოდ სერიოზულ ასაკში, რომ ერთ-ერთ ახალგაზრდა ჟურნალისტ ქალბატონს ადგილიდან წამოუყვირია: „ოსკარი" ქალი რომ ყოფილიყო, დიდი ხანია თქვენს ხელში იქნებოდაო!"... ო'ტულს გაეღიმა...

სხვათაშორის, პოლ ნიუმენიც ზუსტად 8-ჯერ იყო წარდგენილი „ოსკარზე", მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის  და მხოლოდ მე-7 ცდაზე მიაღწია წარმატებას...

ისე კი, თუ არ ვცდები, ლეონარდო დი  კაპრიოსაც, რომელიც ასევე საკმაოდ დიდხანს აწვალეს, სანამ მე-5 ცდაზე მისცემდნენ „ოსკარს", ასევე ცისფერი თვალები აქვს...

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ დღეს და ძალიან ცისფერ ცას!

ლელა ანჯაფარიძე


 

წყარო : wyaro
არქივი