geo_flag eng_flag rus_flag

იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლო, უნდა ხშირად მოკვდე სიცილით...
- +

1 აგვისტო. 2016. 11:50


ძალიან დილა მშვიდობისა!

ოჰ, რა ძნელია, როცა შუაგულ ზაფხულში... 1 აგვისტოს... თანაც ორშაბათს... იმის მაგივრად, რომ ზღვის წვრილ კენჭებზე ჩარბენით, ტალღებში  შევარდე თოლიასავით... დელფინივით ან „ტორპედოსავით" მაინც... უნდა ჩაიცვა და სამსახურს მიაშურო, მართალია ჩვენი ლამაზი აივნის გავლით, მაგრამ მაინც... 

ამიტომაც დღეს განსაკუთრებით ვცდილობდი, რაღაცა ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის...  ჯერ ვაპირებდი ნატალი დელონის დაბადების დღის აღნიშვნას, მაგრამ  მას რომი შნაიდერისთვის ალენ დელონის წართმევა და ელიზაბეტ ტეილორისთვის  რიჩარდ ბარტონის თითქმის წართმევა  ვერ ვაპატიე... აქამდე „მურმანის ეკალი" მქონდა გაგონილი, მაგრამ  „ნატალის  ეკალიც" თუ არსებობდა, ნამდვილად არ ვიცოდი... მერე ელეგანტურ ივ სენ ლორანზე გადავინაცვლე, მაგრამ... სიცოცხლის ბოლოს რაღაცა „ცოტა შეეშალა" (გათხოვდა) და, მართალი გითხრათ, ამ სიცხეშიც კი, ამ ფაქტმა  ცოტა გული გამიცივა..

ამიტომ, ყურადღება შევაჩერე ერთ შეიძლება ითქვას, ზედმეტად წესიერ ქალბატონზე, შარლოტა მერიონ ჰიუზზე, რომელიც ასევე  დღევანდელ დღეს დაიბადა, 1877 წლის 1 აგვისტოს, პირველად და ერთადერთხელ გათხოვდა 63 წლის ასაკში და იცხოვრა 115 წელი და 228 დღე... ანუ ის გახდა მსოფლიოში  მეოთხე ადამიანი, ვისმა ასაკმაც 115 წელს გადააჭარბა... თანაც  სიცოცხლის ბოლომდე გამოირჩეოდა შესაშური ჯანმრთელობით, კარგი მხედველობითა და ნათელი გონებით...

1985 წელს ქალბატონი შარლოტა ჩაიზე მიიწვია თავად ინგლისის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა. ამ შეხვედრის შემდეგ შარლოტამ განაცხადა, რომ მან მშვენიერი დრო გაატარა და „ტეტჩერი ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა"... 1987 წელს კი შარლოტას 110-ე დაბადების დღეზე, ქ.ნიუ-იორკის მერმა ელ კოჩმა გაუკეთა იუბილარს საჩუქარი, საკუთარი ხარჯით მიიწვია ის ნიუ-იორკში და  პრესტიჟულ ოტელ Waldorf Astoria-ში განათავსა. შარლოტამ   მიიღო საოცარი საჩუქრები კომპანია „კონკორდისგან",  რადგან გახდა მსოფლიოში მეორე  110 წელს გადაბიჯებული მგზავრი, რომელმაც ისარგებლა საჰაერო მიმოსვლით და პირველი, ვინც ამისთვის მათი თვითმფრინავი შეარჩია...

მუხლს ვიდრეკ შარლოტას წინაშე, რადგანაც მასზე ზუსტად ორჯერ უმცროსი ვარ და ორი დღეა მეზარება ჩასვლა მაღაზიაში, ჩემთვისვე საჭირო ნივთების  შესაძენად...

ამბობენ, რომ ადამიანი ცხოვრების ხანგრძლივობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული -   გენეტიკაზე, გარემოზე, ადამიანის განწყობაზეც... სამწუხაროდ, 100 წლამდე დედამიწის მოსახლეობის სასაცილომდე უმნიშვნელო პროცენტი აღწევს... არა და, სპეციალისტი-გერონტოლოგების შეფასებით, თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რეალური ხანგრძლივობა 40%-ით ნაკლებია მის შესაძლებლობებზე და ადამიანს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს 100-120 წელი, თანაც აქტიური და სრულფსოვანი ცხოვრებით... 

მაგალითად, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, მდინარე ჰუნზას ხეობაში, რომელსაც „ახალგაზრდობის ოაზისს" უწოდებენ, მაცხოვრებლების ასაკი სწორედ 110-120 წელია, ისინი პრაქტიკულად არ ავადმყოფობენ, ცურაობენ მინუს 15 გრადუსიან წყალში... 40 წლის მანდილოსნები ახალგაზრდა გოგოებს გვანან, ხოლო 60-65 წლის ასაკში შვილებს აჩენენ... მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი მთავარი განმასხვავებელი თვისება  არის კვების მოციონი. კერძოდ, ჰუანძელები არიან ვეგეტარინელები... ზაფხულობით მიირთმევენ  უმ ხილსა და ბოსტნეულს, ზამთარში კი  ზაფხულის მზეზე გამომშრალ გარგარის ჩირს, აღმოცენებულ მარცვალსა და ცხვრის ბრინზას. აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე, რომელსაც ისინი „მშიერ პერიოდს" უწოდებენ, ჰუანძელები პრაქტიკულად არაფერს არ მიირთმევენ და მხოლოდ დღეში ერთხელ სვავენ გამხმარი გარგარისგან გაკეთებულ კომპოტს, რა თქმა უნდა, შაქრის გარეშე...

პირველი, რასაც გვეუბნებიან, როდესაც ჩვენს მავნე ჩვევებს ვებრძვით, არის: ‘არ მოწიო" და „არ დალიო"... თორემ, ცხოვრებას შეიმოკლებ... დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანთა შორის, ვინც სოცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩეოდა, საკმაო ნაწილი  სვავდა, ეწეოდა და ყავასაც მიირთმევდა... აღნიშნულთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ გავიხსენო  ერთი ანეკდოტი:

ერთ 100 წლის კაცთან მისულმა ჟურბალისტებმა იკითხეს - 

„ რაში მდგომარეობს თქვენი ხანგრძლივი ცხოვრების საოდუმლოებაო?"

რაზეც მან სერიოზულად უპასუხა: 

„მე არასდროს არ მომიწევია არცერთი სიგარეტი, არ დამილევია არცერთი ჭიქა აკლკოჰოლი. არ დამიხარჯია დრო ქალებზე"... 

ამ დროს მეზობელი ოთახიდან ისმის  ქალების კივილი და დამტვრეული ჭურჭლის ხმა...

მასპინძელი ბოდიშს იხდის ჟურნალისტებთან:

„უკაცრავად, ეს ჩემი უფროსი ძმა ისევ დათვრა და ქალები  მოიყვანაო"...

არსებობს ცხოვრების გახანგრძლივების ძალიან საკამათო და ორიგინალური თეორიებიც... მაგალითად, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, პოლონელმა პროფესორმა დუხმოვსკიმ და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დ.ალბერტმა დაასკვნეს, რომ ადამიანს სიცოცხლეს უმოკლებს ზედმეტი ჰიგიენა, რადგანაც მის კანზე არის სპეციალური დამცველი აპკი, რომლის ხშირი ჩამობანა იწვევს იმას, რომ ორგანიზმი სრულფასოვნად ვეღარ ებრძვის მიკროორგანიზმებს. თანაც, მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მათი კვლევები აბსოლუტურად დამაჯერებელია... უბრალოდ, მათ არ აღიარებენ, რადგანაც ეს პრაქტიკულად დაღუპავდა სარეცხი საშუალებების მთელ ინდუსტრიას.

არ ვიცი, რამდენად სწორია ეს დასკვნა,, მაგრამ მე მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს თეორია, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს ღიმილი, დადებითი ემოციები, კეთილგანწყობილი გარემო და, რაღა თქმა უნდა, სიყვარული... თანაც როგორც მიღებული, ასევე გაცემულიც...

სიცოცხლე მართლაც ულამაზესი საჩუქარი და ხვედრია... არც თუ ისე დიდი ხანია იმ დასკვნამდე მივედი, რომ აბსოლუტურად ყველა ასაკი შეიძლება იყოს თავისებურად მშვენიერი... თუ ამას დააფასებ და ფილოსოფოურად მიუდგები, მაგალითად, როგორც ამას სენეკა აკეთებდა, რომლის აზრითაც - 

„ადამიანი კი არ ბერდება... უბრალოდ, მის ირგვლივ ახალგაზრდავდება  ყველაფერი...."

 გისურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ხალისიან დღეს!!!

ლელა ანჯაფარიძე


 

წყარო : wyaro
არქივი