geo_flag eng_flag rus_flag

ბიძინა კვერნაძე...„ხანდაზმული ვარ... ხან არა...“
- +

29 ივლისი. 2016. 11:18


 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ის დღეა, როცა ღამე თეთრად გავათენე და  არა იმიტომ, რომ ვდარდობდი ან უძილობა მჭირდა... უბრალოდ, რაღაცეებს ვიხსენებდი... იმდენად თბილ, ტკბილ და ლამაზ წუთებს, რომ მათი შეწყვეტა და ოდნავ შეწუხება, ფრთხილი ძილითაც კი, დანაშაული იქნებოდა... თანაც წინასწარ ვაგემოვნებდი იმ სიამოვნებას, რისი თქვენთვის მონიჭების საშუალება და ბედნიერება  მომეცემოდა დღეს...

წარმოიდგინეთ...  ვსხედვართ მყუდროდ ჩვენს თბილისურ უბრალო, მაგრამ ძალიანაც „ბრალიან" აივანზე, რომლიდანაც მოჩანს ხელისგულზე ჩამომჯდარი, პატარა და კოხტა ქალაქი, ისეთი გულში ჩამწვდომი, რომ სულ გავიწყდება აქამდე ქვაფენილით ამოსვლის სირთულეები...  

ახლა კი ჩავრთავ ერთ სიმღერას, რომელსაც ასრულებენ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და ჯანსუღ კახიძე. სიტყვები გალაკტიონისაა... მუსიკა კი ჩვენი აივნის დღევანდელ სტუმარს...  საოცარ კომპოზიტორს, ნათელ პიროვნებას და არაჩვეულებრივ კაცს - ბიძინა კვერნაძეს ეკუთვნის. რომელიც ზუსტად ამ დღეს, 1928 წლის 29 ივლისს დაიბადა...

 

 

ეს სიმღერა ყველამ იცის და ყველას უყვარს... „შემოდგომის ყვავილებს"... არ შეგეშინდეთ, ჩვენს აივანზე ეპოქების ხშირმა შეცვლამ სულაც არ დამაბნია და მშვენივრად მახსოვს, რომ შემოდგომა კი არა, შუაგული ზაფხულია... არც თქვენს შეწუხებას არ ვაპირებ იმით, რომ „ვარდები არ არიან  და არ გვევარდება"... უბრალოდ ამ სიმღერას აქვს ერთი საოცარი და ჯადოსნური თვისება... სიცოცხლეს გმატებს... ბატონმა თემურ ჩხეიძემ ბატონი ბიძინას მუსიკა ასე დაახასიათა  - „ მას თან სდევს ფარული სევდა, ნაღველი. მაგრამ ეს ის სევდაა,  რომელიც გენატრება".

ქალბატონი ნანი ამბობდა, რომ მართლაც იშვიათია, ერთ ადამიანში იყოს თავმოყრილი ამდენი წესიერება, პატიოსნება, სიკეთე და  თავმდაბლობა...  თანაც მას ქონდა  უდიდესი ნიჭი ადამიანების სიყვარულისა და თითქმის ყველაფერში კეთილი საწყისის დანახვის... 

მე ასე ლამაზად ვერ ვიტყოდი, მაგრამ ერთი კი მახსოვს... როცა ბიძაჩემი, ზურაბ ანჯაფარიძე იტყოდა ხოლმე - ბიძინა მოვაო, ყველას გვიხაროდა... არა, მე საერთოდ მიყვარდა ზურიკოს ყველა მეგობრის მოსვლა, მაგრამ ბიძინას რაღაცა მართლაც დღესასწაული შემოჰქონდა და გეფიცებით, ახლა ვხდები, რომ ზურიკო თავისი ძმაკაცის მოსვლისთვის, როგორც სპექტაკლისთვის, ისე სერიოზულად ემზადებოდა... ფორმაში უნდა ყოფილიყო, რადგანაც, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა იუმორში პაექრობისას, არავინ იცოდა წინასწარ, ზურიკო გაიმარჯვებდა თუ ბიძინა...  

ერთი სცენა კი დღემდე თვალწინ მიდგას... და იცით რატომ? იმიტომ, რომ მისი გათამაშების შემდეგ (თანაც დუეტად გათამაშების) პირველად ვიგრძენი, რომ სიცილისგან კაცი მართლა შეიძლება მოკვდეს...

სცენა კი ასეთი გახლდათ... ზურიკო თამაშობდა ბიძინას როლს საბაჟოზე, ანუ პასიურს... იგულისხმებოდა ბიძინას ბოლო გასტროლების დროს, ჩასვლა კაპიტალისტურ ქვეყანაში... ბიძინა კი ასრულებდა ზრდილობიანი და კულტურული კაპიტალისტი მებაჟის როლს... აი ის მიდის ზურიკოსთან, ლაღად უღიმის, გახარებული ეუბნება - „კეთილი იყოს თქვენი ფეხიო", ოდნავ ამოწმებს, ფორმალურად და ეკითხება - „საიდან ხართო?"... ზურიკოც პასუხობს - „Soviet Union!"  აქ ბიძინა (ანუ მებაჟე) ისტერიულად წამოიკივლებს - „Soviet Union""-ო? და უცებ ერთ წამში იცვლება, იღებს მხეცური სახის გამომეტყველებას, უვარდება ზურიკოს ფეხებში და გააფთრებულ ჩხრეკას უწყებს... აი, ხომ არაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას სახით ქართულმა სცენამ ძალიან ძლიერი მსახიობი დაკარგა...

ზურიკო და ბიძინა ხშირად კამათობდნენ, ვის რა წვლილი ქონდა შეტანილი  ერთმანეთის შემოქმედებაში. ზურიკო აბრაზებდა ხოლმე - „შენი მუსიკალური კარიერა ჩემით დიწყოო", რადგანაც თავისი პირველი  რომანსი ვაჟას ლექსზე, ბატონმა ბიძინამ დაწერა ნიჭიერთა ათწლედს რომ ამთავრდებდა და ზურიკოს სთხოვა მისი შესრულება... რაზეც ბიძინა პასუხობდა - "შენ მაგ დროს საერთოდ არავინ არ გიცნობდა (ზუსტად ტოლები იყვნენ) და ჩემი რომანსით დაიწყო შენი აღმაფრენაო..." ერთი სიამოვნება იყო მათი ამ კამათების და შეხუმრებების მოსმენა... ხომ არ გგონიათ, რომ რამეში მეორდებოდნენ... არა, ყველაფერი იმპროვიზაციაზე იყო აგებული...



ბოლოს კი, სიამოვნებით გავიხსენებ ვახუშტი კოტეტიშვილის  ვითომ „ხუმრობით" ნათქვამ  სიტყვებს:


"დავადგინე - ბიძინა კვერნაძე წარმოშობით ყოფილა ანგელოზთა ჯიშისა. ფრთებიც აქვს, მაგრამ თავისი გაბარიტების გამო ბოლო დროს ფრენა უჭირს... ერთი სიტყვით, პენსიონერი ანგელოზია"...


გისურვებთ ამაღლებულ,  ლამაზ და წარმატებულ დღეს!


 

 

მახსოვს კიდევ, ბატონი ბიძინა რომ იხსენებდა, რომ იმის შემდეგ, რაც მან ბატონი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსზე დაწერა სიმღერა „ძნელი არის ქურდი კაცის ბედი", კინოფილმ „განაჩენისათვის",  მასთან  „ავტორიტეტები" დელეგაციებს აგზავნიდნენ, - „თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო"... 

ბატონ ბიძინას უამრავი ქართული ფილმისთვის აქვს დაწერილი მუსიკა და  კარგად მოგეხსენებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმისთვის მუსიკალურ გაფორმებას. ზოგჯერ ფილმი მხოლოდ ერთი მუსიკალური ფრაზით გახსენდება ხოლმე... მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინას „დათა თუთაშხიასთვის" დაწერილი მუსიკა ვინმე კაცს რომ მოასმენინო, ვისაც წარმოდგენა არ აქვს რა თემაზეა ის შექმნილი, მაინც მიხვდება რაღაცა  მთავარს, რაც მასშია... ფილმის რეჟისორი, ბატონი გიგა ლორთქიფანიძე ამბობდა  - „როგორ შეიძლება ადამიანმა ბიძინა კვერნაძის მუსიკის გარეშე წარმოიდგინოს დათას ტრაგიკული ცხოვრება"... მართლაც ასეა...

ბატონი ბიძინას მდიდარი შემოქმედების შეფასების დროს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ისაუბრო მის სიმფონიურ ნაწარმოებებზე, ოპერებსა და ბალეტებზე,  მაგრამ მე, სამწუხაროდ, ამ სფეროში პროფესიონალი ნამდვილად არა ვარ...  ბატონმა გია ყანჩელმა კი ბრძანა, რომ  არსებობს პოეზია და  ლიტერატურა, რომელსაც ის განსაკუთრებულ თაყვანს სცემს და სწორედ ასეთ სიმაღლეებს აღწევს ბიძინა კვერნაძის მუსიკის პოეტური ბუნება... 

ზოგჯერ ვფიქრობ, რა ბედნიერია ჩემი თაობა, რადგანაც ჩვენ ამ საოცარ ადამიანებს ვიცნობდით, ვხვდებოდით მათ ქუჩაში... ვურთიერთობდით... შორიდან მაინც ხომ ვხედავდით და ისინი მართლაც გამოირჩეოდნენ ყველაფრით... არა მარტო ნიჭით და ადამიანობით, სიარულით... დგომით.. მიხვრა-მოხვრით... ღიმილით, ხალისით, ურთიერთობებით...

ახლა კი  მინდა ჩავრთო  ბატონი ბიძინას ასევე ყველასთვის უსაყვარლესი სიმღერა - "გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში" - ქალბატონი ნანის შესრულებით... 

შემოდგომა თუ შეიძლებოდა, გაზაფხული ხომ შეიძლება და შეიძლება... 

 

 

ბოლოს კი, სიამოვნებით გავიხსენებ ვახუშტი კოტეტიშვილის  ვითომ „ხუმრობით" ნათქვამ  სიტყვებს: 

"დავადგინე - ბიძინა კვერნაძე წარმოშობით ყოფილა ანგელოზთა ჯიშისა. ფრთებიც აქვს, მაგრამ თავისი გაბარიტების გამო ბოლო დროს ფრენა უჭირს... ერთი სიტყვით, პენსიონერი ანგელოზია"...

გისურვებთ ამაღლებულ,  ლამაზ და წარმატებულ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე



 

წყარო : wyaro
არქივი