geo_flag eng_flag rus_flag

„ერთადერთი წესი, რომელსაც ვიცავ, არის ის, რომ არ ვიცავ არც ერთ წესს...“
- +

28 ივლისი. 2016. 11:06


 

ალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩემს წინაშე ძალიან რთული ამოცანაა - უნდა დაგხვდეთ საოცრად სადად გამოწყობილი, მაგრამ ეს ისეთი სისადავე უნდა იყოს, რომელთან შედარებით, "ნორკის" მანტო და ბრილიანტის სამკაულები, „ნორკების" მოსუქებულობისა და კარატების სიდიდის მიუხედავად, არაფერსაც არ ნიშნავს... მთავარია, სილუეტი ძალიან შემოტკეცილი არ იყოს და ცოტა გაქანების საშუალებას იძლეოდეს... ფასონი იყოს ძალიან უბრალო, განსაკუთრებით საყელო და სახელოს ამოჭრის ადგილები... არავითარი ზედმეტი და გადამტვირთავი ბაფთები, რუშები, სხვა დეტალები... სამაგიეროდ, უძვირფასესი ღილები (შესაძლებელია, უნიკალურიც, რარიტეტულიც...), უმაღლესი კლასის შესაკრავები... სწორედ ეს უნდა გახდეს ჩემი დღევანდელი ჩაცმულობის მთავარი, როგორც ფრანგი მოდელიერები იტყოდნენ -  რეპლიკა!  ფერებს რაც შეეხება, უმჯობესია  მოუმწიფებელი გარგრის ან ძალიან ბაცი ვარდისფერი... ისე კი, თეთრი ჯობია...  ფეხსაცმელიც უნდა სადა იყოს... თავზე დასაშვებია პატარა ქუდის მორგება... სასურველია თეთრი ხელთათმანები მკლავამდე... თუმცა... ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ზოგჯერ რადიკალურად კი ცვლიდა ფერებს, მაგალითად, ბაცი ფუქსიისფერი კაბაც კი ცმია და შესანიშნავი მუქი ლურჯიც, მაგრამ მისი სტილი და დონე უცვლელი რჩებოდა... 

 

 

ჟაკლინ კენედის განუმეორებელი სტილი...

ვინც ჩვენი დღევანდელი სტუმრის გარდერობს კარგად დაკვირვებია, მიხვდებოდით ვიზეა საუბარი... ვინც არა, იმას ერთ დამატებით მინიშნებას მივცემ - დღეს ჩვენ გვეწვევა ქალბატონი, რომელმაც თავის დროზე განაცხადა: „ქალი პირველად უნდა გათხოვდეს - სიყვარულით, მეორედ - ფულით, ხოლო მესამედ კი - ნამდვილი მეგობრის შეძენის მიზნით... პირველად ის მართლაც  სიყვარულით გათხოვდა, თუმცა ამ გრძნობას ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი დაემატა, რომ ის ცოლად გაყვა აშშ მომავალ პრეზიდენტს... მეორედ მან თავისი ცხოვრება პლანეტის უმდიდრეს კაცს დაუკავშირა, ხოლო მესამე არჩევანზე კი რატომღაც  უარი განაცხადა...

დიახ, ჩვენი დღევანდელი სტუმარია სტილისა და მოდის დედოფალი, დახვეწილი, უზომოდ განათლებული, ძალიან დამოუკიდებელი და მომხიბვლელი - ჟაკლინ (ჯეკი) კენედი-ონასისი, ქალიშვილობაში - ბუვიე... რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს - 1929 წლის 28 ივლისს...

ერთხელ ჯეკიმ თქვა - „მე ნებისმიერი ადამიანის შესახებ მინდა ვფლობდე მხოლოდ იმ მინიმალურ  ინფორმაციას, რომელსაც მაქსიმალურად ზრდილობიანად მომაწვდიან"...

ამიტომ დღეს, ჩვენც განსაკუთრებით ვეცდებით ჟაკლინზე საუბრისას, მისთვის და ჩვენთვის ჩვეული   ტაქტის დაცვას და მხოლოდ იმაზე გავაკეთებთ აქცენტს, რაც მას, სავარაუდოდ,  გულს არ დაწყვეტდა...

 

 

ჯონ და ჟაკლინ კენედი

მას ძალიან უყვარდა თავისი ჯონი... მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა ხვდებოდათ, ჟაკლინის თქმით, მისი მეუღლე იყო საოცრად მგძნობიარე, კეთილი და ყურადღებიანი ადამიანი... თეთრ სახლში გადასვლისას, რა დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო, ის, კაბინეტში გასვლამდე,  როგორც წესი ჟაკლინთან შედიოდა და თუ ამის საშუალება არ ქონდა, შუადღეზე მაინც გამორბოდა მასთან, რომ უბრალოდ ჩახუტებოდა... საოცრად რბილი მამა იყო და ბავშვებს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევდა. ჯეკის განსაკუთრებით ახსოვდა 2 მომენტი: ერთხელ, როდესაც ჯონმა, უკვე აშშ პრეზიდენტმა, პარიზში ტურნეს შემდეგ, სადაც ჟაკლინი განსაკუთრებით კარგად მიიღეს, განაცხადა - „მე ის კაცი ვარ, რომელიც ვახლდი ჩემს მეუღლე ჟაკლინს პარიზის ტურნეში და მე ამით ვამაყობ"... ხოლო მეორედ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, თანაც იმ პერიოდში, როდესაც, ცნობილი (ქერათმიანი) მიზეზების  გამო, მეუღლეებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები იყო, ჯონმა, კორესპონდენტის შეკითხვაზე - „როგორ შეუძლია მას მეუღლის დახასიათება ერთი სიტყვით"? მოულოდნელად ასე უპასუხა - „ჟაკლინი არის... ფერია"...  

ჟაკლინს ერთხელ წამოცდა, რომ ჯონი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებებით, საოცრად გავდა ჟაკლინის მამას, რომელსაც „შავ შეიხს" ეძახდნენ და რომელზეც ჯეკი ბავშვობიდან გიჟდებოდა... "წელიც კი ზუსტად ერთნაირად ტკიოდათ", - ამბობდა ჟაკლინი...

აღსანიშნავია, რომ კენედების ოჯახმა ნიჭიერ და მომხიბვლელ ჟაკლინს თავიდანვე დაადგა თვალი და ძალიანაც მოეწონათ სარძლოდ. რაც შეეხება საზოგადოებას, როგორც ჯონ კენედიმ იწინასწარმეტყველა, გარკვეული პერიოდი დაჭირდა იმას,  რომ დახვეწილ, ჩაცმულობით და საუბრით გამორჩეულ, ბოდლერისა და ოპერის მოყვარულ ჟაკლინს მათი გული მოეგო, მაგრამ მან ეს წარმატებით შეძლო... და ამერიკელებს, როგორც იციან ხოლმე, გულწრფელად და ბოლომდე შეუყვარდათ ქვეყნის პირველი ლედი. 

1963 წლის 22 ნოემბრის ტრაგიკული დღის შემდეგ, როდესაც დალასში  აშშ 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს, ჟაკლინი გახდა აშშ ეროვნული სიამაყე... მას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ, უსამძიმრებდნენ, უგზავნიდნენ საჩუქრებს... თითქმის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს და მუდმივად მგლოვიარე ქვრივის სახე მიუჩინეს.  34 წლის ჟაკლინს კი სჭირდებოდა გვერდში ძლიერი მამაკაცი, მისი ზრუნვა, ყურადღება, აღფრთოვანება...

ხალხმა გაწირვა ადვილად იცის, მოგეხსენებათ... ზოგჯერ ულმობელიცაა... 1968 წელს, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდა იმის შესახებ, რომ ჟაკლინი ცოლად მიყვებოდა ბერძენ მილიარდერ არისტოტელ ონასისს, გაზეთებში დაიწერა - „ჯონ კენედის მეორედ ესროლეს!" თუმცა არავის არავისი განკითხვის უფლება არა აქვს... ყველა ადამიანს აქვს ერთი ცხოვრება და ზოგჯერ ერთი არჩევანიც... ჟაკლინმა კი თავისი არჩევანი გააკეთა...

 

 

ქორწინება არისტოტელე ონასისთან


ერთ რამეს ვიტყოდი მხოლოდ... რა თქმა უნდა, ონასისი რომ ყოფილიყო მართლაც ისეთი მომხიბვლელი, როგორც ენტონი ქვინი მის როლში, ალბათ არავინ არაფერს არ იტყოდა, მაგრამ... როგორც ჩანს, იყო ამ კაცშიც ის თვისებები, რომლის გამოც ჟაკლინმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა, რა მოყვებოდა ამას, გადადგა ეს ნაბიჯი და არც დიდებული მარია კალასი მიმაჩნია ისეთ მანდილოსნად, რომელსაც მხოლოდ სიმდიდრის გამო შეუყვარდებოდა ბერძენი მაგნატი იმდენად, რომ ჯერ მეუღლეს მიატოვებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ის ონასისმა მიატოვა,  ხმას დაკარგავდა... აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ონასისს გულწრფელად  და განსაკუთრებით უყვარდა ჯეკის შვილები, რაც მისთვის, ამ გადაწყვეტილების მიღებისას ალბათ, ერთერთი მნიშვნლელოვანი არგუმენტი გახდა.

აი, ონასისის ოჯახში კი ჯაკლინი არ მიიღეს... როდესაც არისტოტელ ონასისი გარდაიცვალა, მისმა ქალიშვილმა კრისტინამ, ჟაკლინს 26 მილიონი დოლარი გადასცა იმისთვის, რომ მას არავითარი კავშირი აღარ ქონოდა ონასისებთან... ჟაკლინმა  ეს ფული თავის შვილებს - კეროლაინს და ჯონს გაუნაწილა... თავად კი ძირითად პროფესიას - ჟურნალისტიკას დაუბრუნდა. არ ვიცი, აპატიეს თუ არა ბოლომდე ჟაკლინს ამერიკელებმა,  მაგრამ ერთი კი ცხადია - 1998 წელს, როდესაც მე ნიუ-იორკში ვიყავი, რამდენიმე დღე გავჩერდი სასტუმროს ტიპის სახლში, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა ჟაკლინი და სასტუმროს პერსონალი დღეში რამდენჯერმე,  დაუღალავად და სიამაყის გრძნობით მაჩვენებდა იმ სპორტულ ბილიკს, რომელზეც ჯეკი დილაობიოთ ვარჯიშობდა ხოლმე...

სამწუხაროდ ჯეკის ცხოვრება ტრაგედიებით იყო სავსე, მას და ჯონის  დაეღუპათ პატარა ქალიშვილი არაბელა... მოგვიანებით, კი - ვაჟი, პატრიკ ბუვიე კენედი... საბედნიეროდ (ამ შემთხვევაში, ალბათ, ამის თქმა გამართლებულია...), ის ვერ მოესწრო თვითმფრინავის ავტოკატასტროფას, რომელსაც მისი ვაჟი - ჯონ კენედი უმცროსი მართავდა...

მახსენდება ჟაკლინის სიტყვები - „ცხოვრებაში ყველაფერი - კარგი, ცუდი, რთული, სასიხარულო, ტრაგიკული, სიყვარული და ბედნიერება - გადახლართულია და არ შეიძლება კარგის და ცუდის ერთმანეთისგან განცალკევება. და, ალბათ, არც არის საჭირო... ცხოვრებაა  და იმიტომ..." 

გისურვებთ ბედნიერ და ლამაზ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე



 

წყარო : wyaro
არქივი