geo_flag eng_flag rus_flag

„პაპიროსზე საშიში არის მხოლოდ... ჰაშიში“
- +

27 ივლისი. 2016. 11:13


 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანზე, პირველად მთელი მისი არსებობის ისტორიაში,  მობრძანებულები   პირობითად ორ „მტრულ" ბანაკებად დავიყოფით, როგორც  ბავშვობაში, „ომობანას" რომ ვთამაშობდით ხოლმე...

ერთი   იქნება  „მწეველთა"  ბანაკი, შესაბამისი ლოზუნგებით, შეძახილებითა და  ატრიბუტიკით (ბევრი სიგარეტი, პაპიროსი, საფერფლეები და სანთებელები), ხოლო მეორე „არამწეველთა" ბანაკს, ატრიბუტიკა არ ეკუთვნის (თავად განაცხადეს უარი,  მათ შორის დახვეწილ პორტსიგარებზე, ინკრუსტირებულ  ჩიბუხებზე და ჰავანური მზით გაჟღენთილ სიგარებზე)... ნუ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არამწეველებმა ამდენი მწეველისგან და მათ მიერ გამოშვებული ბოლისგან თავი შეუძლოდ იგრძნეს, მათთვის გამოყოფილ სპეციალურ, ჟანგბადით ნაჯერ  ოთახში განვათავსებთ, კიბის ქვეშ...

დღეს კი. აღვნიშნავთ თარიღს, რომელსაც ჩვენი ორი ბანაკის წევრები აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპიროდ აფასებენ... ზუსტად ამ დღეს, 1965 წლის 27 ივლისს, აშშ პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა აშშ კონგრესის მიერ  მიღებულ კანონს, რომელიც მოითხოვდა სიგარეტის ყუთებზე ნიკოტინის  მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერების აუცილებელ დაბეჭდვას...   ბუნებრივია, „არამწეველთა ბანაკი" ამ დღეს ზეიმობს, ხოლო „მწეველთა" ბანაკი მთელი თავისი არსით უკმაყოფილებას გამოხატავს და ეწევა და ეწევა...

ასე რომ, ამ ეტაპზე, საერთო ანგარიშია 1:0, არამწეველების სასარგებლოდ...

 

ფაინა რანევსკაია: მე ვსუნთქავ... პუშკინით...

ახლა მოდით და ვიმსჯელოთ, რეალურად რა შეიცვალა, სიგარეტის კოხტა კოლოფების ამ საშინელი წარწერებითა და ნახატებით დამახინჯების შემდეგ...   ვინმეს ჯერა, რომ ადამიანი, რომელიც წაიკითხავს სიგარეტზე წარწერას - „თუ მოწევთ, მოკვდებით ნელი და მტკივნეული სიკვდილით",  გველნაკბენივით გადააგდებს სიგარეტის სანაგვეში და „სწრაფი და უმტკივნეულო" სიკვდილის გზას  დაადგება?   რა თქმა უნდა, არა... ასეთი სტატისტიკა არ არსებობს... 

ამავე დროს კი, ფსიქოლოგების მტკიცებით, ამ წარწერებზე თვალის ერთი შევლებაც კი (სიგარეტის კოლოფიდან ამოღების დროს,  თვალებს ხომ არ დახუჭავ),  მწეველი ადამიანის ტვინში ქვეცნობიერად იბეჭდება ნეგატიური ინფორმაცია, როგორც პროგრამა და  გულდაწყვეტილი, „ხელჩაქნეული", თამბაქოსგან, თქვენი მტკიცებით, ისედაც  განწირული ორგანიზმი, სულმთლად სუსტდება... და ის წარწერაც შეიძლება ახდეს...

 აი, რას გვიშვებით თქვენ, არამწეველებო ჩვენ, მწეველებს... ასე რომ ანგარიში თანაბრდება 1:1 და არც შეგვეკამათოთ!

სხვათაშორის, იტალიის ექს პრეზიდენტმა სანდრო პერტინიმ ერთხელ თქვა: „მწეველებისგან უნდა ისწავლოთ მოთმენის ნიჭი. ჯერ კიდევ არც ერთ მათგანს არ უწუწუნია იმაზე, რომ არამწეველი თავისი არ მოწევით უხერხულობას უქმნის"....

არა, ჩვენ, მწეველებს გადასარევად გვესმის, რომ თქვენ, არამწეველები  ჩვენზე ზრუნავთ და ამიტომაც იგონებთ კანონებს, რომლებიც კრძალავს თამბაქოს მოწევას საზოგადოებრივ ადგილებში... ერთი წუთითაც არ ვფიქრობთ, რომ თქვენ ამხელა დისკომფორტს გვიქმნით იმის გამო, რომ მაგალითად გამონაბოლქვი გაწუხებთ... ჩვენც ხომ სპეციალურად არ ვაბოლებთ, თქვენ რომ შეგაწუხოთ...  უბრალოდ... თქვენც შემოდით ჩვენს მდგომარეობაში... ისევე, როგორც თქვენთვის უგემურია... მაგალითად, მჭადი ყველის გარეშე ან შეუკაზმავი ლობიო, ასევე მწეველისათვის თურქული ყავა სიგარეტის გარეშე, არარაობაა... ხოლო გემრიელ სუფრაზე სიგარეტის არდაყოლება - ტრაგედიის ტოლფასია...

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წარწერებსაც ავიტანთ, თუ თქვენ ასე გნებავთ, მაგრამ ცოტა რომ გავალამაზოთ, ხომ შეიძლება... შევარბილოთ, გავაკულტუროთ...ნელ-ნელა მაინც რომ შევეჩვიოთ ჩვენს მწარე ხვედრს...

მაგალითად „მოწევა კლავს!" „მოწევა  აჩენს ფილტვების კიბოს!"  „სიგარეტი იწვევს იმპოტენციას"!  ნაცვლად, რომ დავაწეროთ - „თავს გაუფრთხილდით! გვიყვარხართ!"  ეს ერთი წარწერაც სრულიად საკმარისი იქნებოდა... იმედია, სიგარეტების კოლოფების კოლექციის შეგროვება მათზე მონიშნული დაავადებების მიხედვით ჯერ არავის არ მოუფიქრებია და ასეთი „ერთფეროვნებაც" არავის დაწყვეტს გულს...

ჩვენ მაინც მოვწევთ, მაგრამ წავიკითხავთ და გვესიამოვნება და, შეიძლება, ცოტა ნაკლებიც კი მოვწიოთ, ან სიგარეტსა და სიგარეტს შორის დისტანცია ოდნავ გავაგრძელოთ... 

რადგანაც ყოველთვის მჯეროდა და ახლაც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დადებითი ემოცია უფრო ძლიერია უარყოფითზე... ზუსტად ისევე, როგორც სიკეთე ბოროტებაზე...

ბოლოს კი მინდა დავასრულო შესანიშნავი და განუმეორებელი ფაინა რანევსკაიას ფრაზით., რომელიც იმდენს ეწეოდა, რომ ექიმებს ვერ გაეგოთ, რითი სუნთქავდა ამ გამონაბოლქვში, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „მე ვსუნთქავ... პუშკინით"...

გისურვებთ ბედნიერ დღეს და სუფთა ჰაერს!

ლელა ანჯაფარიძე



 

წყარო : wyaro
არქივი