geo_flag eng_flag rus_flag

საიდუმლო ფრაზა-„შაბროუ თის ბლანთე!“
- +

26 ივლისი. 2016. 11:07


 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს  მე,  რომელსაც თავი ტოლერანტულ, ანუ მიმტევებელ ადამიანად მიმაჩნია, უნდა გამოვიჩინო სიმტკიცე და ჩვენს აივანზე მოვიწვიო მხოლოდ ისინი, ვინც მშობლიური ენის გარდა, ერთ უცხო ენას მაინც ფლობს (მეგრული არ ითვლება)... პოლიგლოტებისათვის აივანზე სპეციალური „დირექტორის ლოჟა" გვაქვს მიშენებული, თავისი ჩაცივებული შამპანიურებითა და მოხარშულ-მარინადში ჩაწყობილი ენის დელიკატესებით... ამ ლოჟის თავზე კი „იმპერატორის ლოჟაა" განთავსებული, რომელშიც დასხდებიან ის სტუმრები, საერთაშორისო, ხელოვნურად შექმნილ  ენა  - ესპერანტოს რომ ფლობენ, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოს 120 ქვეყნის მოქალაქეებთან (ესპერანტოს გავრცელების არეალი) საუბარი შეუძლიათ... მითუმეტეს, რომ დღევანდელი დღე - 26 ივლისი - ესპერანტოს საერთაშორისო დღეა...

ესპერანტო შექმნა პოლონელმა ოკულისტმა, ლაზარე მარკოვიჩ ზამენგოფმა, 1887 წელს, 10 წლის მუშაობის შედეგად... 

საინტერესოა, რომ დამატებითი, ხელოვნური ენის შექმნის იდეა კაცობრიობას დიდი ხანია არ ასვენებდა... ჯერ კიდევ ბაბილონში შეიქმნა სოლის ფორმის  წარწერები, რომლებიც გასაგები იყო მესოპოტამიის ყველა თემისთვის, თუმცა მათი დიალექტები განსხვავებული იყო...

ე.წ. „შუამავალი" ენა ქონდათ ინდიელებსაც - მას სხვათაშორის „მობილური" ერქვა... ეს იყო სხვადასხვა თემების ენების სიმბიოზი, რომლიდანაც ამოღებული იყო სიტყვების დაბოლოებები და ზმნების დროები...  მთავარი იყო ურთიერთგაგება და ამ ნიუანსებს მნიშვნელობა არ ქონდა.... სწორედ ამ ენაზე ურთიერთობდნენ სხვადასხვა თემის, შემდგომში კი - ევროპელი და ინდიელი მეუღლეები შერეულ ოჯახებში.

ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, ვინც სერიოზული ფიქრი დაიწყო ამ თემაზე,, რენე დეკარტი  (1596-1650 წ) გახლდათ. ის წერდა ახალ საერთაშორისო ენის შექმნის აუცილებლობაზე, რომელშიც უნდა ყოფილიყო ერთი ბრუნვა და ერთი უღლება, სიტყვების წარმოქმნის ერთი წესი და არ იქნებოდა ამ წესიდან არავითარი გადახრა. 

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური საერთაშორისო ენის ერთერთი ყველაზე ცნობილი პროექტი გახდა ენა - „ვოლიაპუკი", რომლის ავტორი იყო გერმანელი მღვდელი იოჰან შლეიერი. მან 1880 წელს გამოუშვა ახალი ენის კრებული. საინტერესოა, რომ მისი პროექტი ენის შექმნის ნოლიდან დაწყებას ითვალისწინებდა, ანუ მასში არ იყო შეტანილი არცერთი უკვე არსებული ენის ელემენტი... სხვათაშორის, ამ იდეისადმი ინტერესი უზარმაზარი იყო... უკვე  1889 წელს  ის 13-მა სახელმწიფომ აიტაცა, ტარდებოდა საერთაშორისო კონგრესები, მაგრამ... მისადმი ინტერესი ასევე უცბად დაიკარგა... ექსპერტების შეფასებით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ენა იყო ძალიან რთული და შეიცავდა ბგერებს და ბგერათა კომბინაციებს,  რომლებიც უჩვეულო იყო ბევრი ქვეყნის მოსახლეობისთვის... ასევე მისი ნაკლი იყო ის, რომ არ დაიტოვა ინტერნაციონალური სიტყვები... მაგალითად ვოლიაპუკულად ამერიკას ერქვა -Melop, ავსტრალიას - Talop, აზიას - Zilop...

მსგავსი პროექტი კიდევ ბევრი იყო, მაგრამ მხოლოდ ესპერანტომ, ასე თუ ისე, გაუძლო დროის გამოცდას. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი გრამატიკა   უადვილესია, მისი წესების სასწავლად სულ 1 საათია საკმარისი... ყველა ასოს ერთი ბგერა შეესაბამება და რა როგორც იწერება, ისე იკითხება... არსებითი სახელები მთავრდება o -ზე (litro, akumulatoro), განსაზღვრებები a-ზე (aktiva, nova, minimuma). ზმნის დროის ცვლილებას კი სულ ერთ ზმნაზე გაჩვენებთ -  ვხედავ - vidas (აწმყო სრულდება as-ზე), ვხედავდი - vidis (წარსული-is-ზე), დავინახავ - vidos (მომავალი -os-ზე)... თუ გინდა ვინმეს უბრძანო რამის დანახვა, საკმარისია ფუძეს u დაუმატო - vidu... სულ ეგაა. ამბობენ. რომ ესპერანტოს სწავლა 16 დღეში არის შესაძლებელი...ასე რომ,  თქვენ და მე უკვე 15 დაგვრჩა...

დღეისათვის ესპერანტოს დაახლოებით 500 მილიონამდე ადამიანი ფლობს. მათი უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ევროკავშირში, თუმცა ესპერანტო ასევე აქტიურად შეისწავლება ბრაზილიაში, ვიეტნამში, ირანში, ჩინეთში, აშშ-სა და იაპონიაში. 

რაღა თქმა უნდა, ასეთი ენის არსებობას ბევრი აქვს დადებითი. მაგალითად მე, თურქეთში 2 წლის ცხოვრების პერიოდში, ვერაფერი ვერ გავუგე თურქული ენის  ლოგიკას და ვერ ვისწავლე, ამიტომაც სულ სულელურ მდგომარეობაში ვხვდებოდი... მაგალითად, ერთხელ. სტამბოლის ფერად, ხალისიან და ხალხმრავალ დაღმართზე რომ ვეშვებოდი სახლისკენ, ყველას საღამო მშვიდობისა ვუთხარი და კმაყოფილი რომ შევედი სახლში, მივხვდი, რომ შეცდომით ყველასთვის მადლობა გადამიხდია... ალბათ დღემდე ფიქრობენ, რისთვისო... ესპერანტო რომ მცოდნოდა... თუმცა თურქეთში ესპერანტო სავარაუდოდ არ გამომადგებოდა, ისევე როგორც ვერ გამომადგა ინგლისური, რადგანაც აი, დღეს ამ აივანზე თურქეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რომ ვერ მოხვდებოდა, ცხადია... 

რაც შეეხება ესპერანტოს, მივულოცოთ მას დღევანდელი დღე, მაგრამ... ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ამ ენას განვითარების არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, არც გაღრმავების და არც  გამდიდრების, რადგანაც ამ შემთხვევაში ის კარგავს თავის მთავარ დანიშნულებას - სიმარტივეს... და რაც არ ვითრდება... ის...

ამიტომ, მე ვფიქრობ, ჯობია ისევ ყველამ საკუთარ ენას მიხედოს და მეორე ენად კი აირჩიოს კულტურით, ტრადიციებით გაჟღენთილი, ღრმადფესვებგამდგარი ენა...

რაც შეეხება ურთიერთობას..  ადამიანებს შორის ის  ხშირად არა ნაკლებ წარმატებით ხორციელდება  ... თვალებით, ჟესტებით და გულებით!!! 

თუ მაინც და მაინც თქმა გსურთ, მე   ერთხელ, როდესაც დამჭირდა,  თვითონ მოვიგონე ჩემს საკუთარ ენაზე... „მე შენ მიყვარხარ!"  ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ დღემდე მახსოვს - „შაბროუ თის ბლანთე!"  ვუთხარი ერთ ბიჭს და... თქვენ წარმოიდგინეთ... მიხვდა!   სხვათაშორის, ესპერანტულ ენაზე ეს საოცარი სამი სიტყვა ასე ჟღერს - „Mi amas vin"!

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!!!

ლელა ანჯაფარიძე



 

წყარო : wyaro
არქივი