geo_flag eng_flag rus_flag

იანუშ კორჩაკი- გზა უკვდავებისკენ
- +

22 ივლისი. 2016. 11:11


 

ძალიან დილა მშვიდობისა!

როგორ მიყვარს აი ასეთი, განსაკუთრებული დღეები, როდესაც მხოლოდ მიხარია კი არა, მეამაყება კიდევაც, რომ  ადამიანი ვარ და მეც იმავე მშვენიერ და მყუდრო პლანეტაზე დავიბადე, რომელზეც...  მაგალითად... ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი... კაცი, ვისაც ასე უყვარდა ბავშვები...

ის თვლიდა, რომ ბავშვამდე მისაწვდომად, დახრა კი არა...ფეხისწვერებზე შედგომაა საჭირო... რომ კანონები უნდა პირველ რიგში ბავშვებისთვის შეიქმნას და მერე გავრცელდეს უფროსებზე... რომ ყველაფერი, რასაც ბავშვთან ურთიერთობაში მიაღწევ წვრთნით, ზეწოლითა და თუნდაც უმნიშვნელო ძალადობით, არასწორი, არამდგრადი და დროებითია... რომ ბავშვი პირველ რიგში ადამიანია და მერეა უკვე ბავშვი და იმსახურებს პატივისცემას და გულწრფელ სიყვარულს...ამიტომაც, დააძალო მას დაძინება, როცა სულაც არ ეძინება, ან ჭამა, როდესაც არ შია,  - ნამდვილი დანაშაულია... დამერწმუნეთ, რომ ამ ადამიანს სრული უფლება ქონდა ეს ერთი შეხედვით საკამათო სიტყვები წარმოეთქვა, რადგანაც მან ბავშვებს სიყვარული დაუმტკიცა არა მხოლოდ საოცარი წიგნებითა და მეცნიერული თეზისებით...

ჩვენი დღევანდელი სტუმარია - ცნობილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი და საზოგადოებრივი მოღვაწე, საოცარი პიროვნება - იანუშ კორჩაკი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს... 1878 წლის 22 ივლისს, ქალაქ ვარშავაში...

კორჩაკი იზრდებოდა  ძალიან ინტელიგენტურ ებრაელურ ოჯახში, მაგრამ დიდხანს თვლიდა თავს "წმინდა"  პოლონელად, რასაც ყოველთვის ხაზს უსვამდა   და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლონეთში დაიწყო ებრაელების დევნა... კორჩაკმა ამაყად განაცხადა, რომ ებრაელია, და დაამატა - „მაგრამ პოლონელი ებრაელი"... 

იანუშ კორჩაკი ადამიანთა იმ საკმაოდ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც ცხოვრების დასაწყისიდან დაისახა მიზანი და ბოლომდე მიყვებოდა მას. ის პროფესიით  იყო ექიმი,  მოწოდებით კი პედაგოგი.  კარიერის დაწყებამდე გაემგზავრა შვეიცარიაში იმისთვის, რომ ადგილზე შეესწავლა მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი პედაგოგის, იოჰან პესტოლაცის მოღვაწეობა. ამის შემდეგ კორჩაკმა, გამოცდილების მისაღებად გერმანიას და საფრანგეთს მიაშურა, სადაც გაიარა პრაქტიკა საბავშვო საავადმყოფოებსა და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ კი კორჩაკმა გახსნა პირველი ბავშვთა სახლები და დაიწყო ლექციების კითხვა უმაღლეს პედაგოგიურ კურსებზე...

1940 წელს, გერმანელების მიერ ვარშავის ოკუპაციის შემდეგ, ბავშვთა სახლი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა,   ვარშავის გეტოში გადაიყვანეს. თავად კორჩაკი დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს, გერმანელებთან დაახლოებული ვინმე განცვაიხის შუამდგომლობით, რომელსაც ამ ჟესტით ებრაელებში ავტორიტეტის მოპოვება სურდა. ციხიდან გამოსვლისთანავე კორჩაკი, საკუთარი ნებით, გეტოში დაბრუნდა, სადაც ყოველდღიურად ნამდვილ გმირობებს ჩადიოდა, რომ ბავშვებისთვის  საკვები და მედიკამენტები ეშოვა... თანაც იმისთვის, რომ მათ არ ეგრძნოთ შიში და მოახლოებული საფრთხე, სისტემატურად უტარებდა გაკვეთილებს, თითქმის ჩვეულებრივ რეჟიმში...

იანუშ კორჩაკმა უარყო გეტოდან გამოპარვის და „არიელთა" რაიონში გადამალვის  ყველა შეთავაზება... მისი მეგობარი, პოლონელი ჟურნალისტი იგორ აბრამოვი იხსენებდა, რომ კორჩაკისთვის   ბინა და საბუთები უკვე გამზადებული იყო...მას ნებისმიერ დროს შეეძლო გეტოდან გასვლა... როდესაც იგორმა მას საშვი მიაწოდა, იანუშმა  მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა მეგობარს -   „შენ მიატოვებდი შენს შვილს ავადმყოფობასა და უბედურებაში?"... იგორი იხსენებდა, რომ მან პასუხად მხოლოდ თავი დახარა...  „ხოდა, აქ ჩემი 200 შვილია... როგორ მივატოვო ან როგორ უნდა ვიცხოვრო ამის შემდეგ"...

 

იანუშ კორჩაკის მემორიალი იერუსალემში


1942 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში გეტოში მოვიდა ბრძანება „ბავშვთა სახლის" „დეპორტაციის" შესახებ... ბავშვების გარდა, ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა ამ შემთხვევაში ეს სიტყვა... ბავშვები და კორჩაკი ჩასვეს საბარგო ვაგონებში, რომლებიც ტრემბლინკის საკონცეტრაციო ბანაკის მიმართულებით გაემგზავრა... ამ მომენტიდან ბოლო წუთამდე ყველაფრის თვითმხილველი, ემანუელ რინგელბლუმი  (რომელიც შემდგომში გერმანელებმა დახვრიტეს) წერდა, რომ კორჩაკს სულ ბოლო მომენტშიც შესთავაზეს ბავშვების დატოვება, მაგრამ...

„იდგა საშინელი სიცხე... იანუშმა დააყენა ბავშვები 4 რიგად... მოკიდა 2 მათგანს ხელი და მარშით გაუძღვა წინ... გაზის კამერამდე... მას თავი ქონდა ამაყად აწეული და ის ისე მიდიოდა, რომ პოლიციელები უნებლიედ გაიჭიმნენ  მის წინაშე  და სამხედრო სალამიც კი მისცეს... ერთ-ერთმა მათგანმა  გაკვირვებულმა მკითხა - „ეს კაცი ვინ არის?"... მე კი ვერ ვუპასუხე, იმიტომ, რომ ვტიროდი..."

მეც ვტირივარ ახლა და დარწმუნებული ვარ, თქვენც ვერ იკავებთ ცრემლებს... მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გზა კამერამდე... ეს იყო გზა უკვდავებისკენ,  რადგანაც სწორედ ასეთი ხალხი რომ არსებობდა... და მადლობა ღმერთს, რომ დღესაც არსებობს და იარსებებს... ამიტომაც გადარჩა კაცობრიობა... 

და ბოლოს მახსენდება კორჩაკის ერთი სასწაულად კეთილი რჩევა...

„ეცადეთ, ბავშვებმა არ გაგაღიზიანოთ... არასდროს... მაშინაც კი, როდესაც კარზე ყოველ კაკუნზე  მირბიან მის გასახსნელად...და ფეხებში გედებიან... გახსოვდეთ, რომ ისინი ასე ფიქრობენ - იმ კარის უკან დგას უფროსი, რომელიც ვერ შემოვა თუ პატარები არ დაეხმარებიან...  შეაჩვიეთ ბავშვი სხვისი დახმარებით და მხარდაჭერით მიღებულ ბედნიერებას! ასწავლეთ ბავშვებს სიყვარული!"

გისურვებთ ლამაზ და წარმატებულ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე


 

წყარო : wyaro
არქივი