geo_flag eng_flag rus_flag

მთვარის მტვრიანი ბილიკებით... თეთრ ცისარტყელამდე...
- +

21 ივლისი. 2016. 12:02


დღეს ჩვენი აივნური შეხვედრების თემა ყველაზე დიდ ცენზორთან, მზესთან მაქვს შეთანხმებული... სხვანაირად არ გამოვიდოდა... და მინდა გითხრათ, რომ ადვილი საქმე არ ყოფილა მისი დათანხმება, რადგანაც დიდხანს იფიქრა, ვერდიქტის გამოტანამდე  და ჭკუის სწავლებაც კი დამიწყო: „ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვსო"... „აბა, მე აქ რას ვაკეთებო?"... „თვალში ცოტა ხომ არ გეპატარავებიო?"... და ასე შემდეგ...

მაშინ უკანასკნელ არგუმენტს მივმართე და გამოვუტყდი, რომ წაკითხული მაქვს რაბინდრანათ თაგორის ლექსი, სადაც ერთი საიდუმლოს შესახებ არის მოთხრობილი - თურმე მზე, რომელიც ღამეში ყოფილა სულ ცოტათი შეყვარებული, სწორედ მთვარის შუქზე უწერს მას წერილებს, ხოლო ღამე კი,  ბალახზე მოკამკამე ნამის წვეთებით პასუხობს... აქ მზე ოდნავ წამოწითლდა... მძიმედ ამოიოხრა, არტისტულად, ქალებმა რომ ვიცით ხოლმე, და - „კარგიო"...

როგორც უკვე მიხვდებოდით, დღეს ჩვენი აივნის სტუმარი გახლავთ მთვარე, საოცარი, ჯადოსნური, იმდენჯერ და ისეთი ეპითეტებითა და მეტაფორებით შემკული, მეტი რომ არ შეიძლება... მთვარე, რომელზეც უამრავი ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებია შექმნილი, მხატვრულ ტილოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ....მას  ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია რელიგიაში, ასტროლოგიაში, მითოლოგიაში, ზღაპრებში... განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ უამრავი ქვეყნის და ქალაქის გერბზე და დროშაზეა გამოსახული, თანაც სხვადასხვა ფაზაში - სავსე მთვარიდან დაწყებული, ნამგალა მთვარით დამთავრებული...

მიუხედავად ამისა, ის სულაც არ არის ტრაბახა და ამპარტავანი, არასდროს დაუჩაგრავს ვარსკვლავები, კეთილმეზობლურ ურთიერთობებშია მზის სისტემის პლანეტებთან, არ არღვევს დედამიწის გარშემო ბრუნვის ორბიტას (და კიდევ კარგი, თორემ დაგვეცემოდა)... და განსაკუთრებული პატივისცემით არის გამსჭვალული მზის მიმართ... აი ინდოელი პოეტი და ფილოსოფოსი თაგორი რომ არა, იმ საიდუმლოებასაც, დღეს რომ გავიგეთ, მთვარეს ვერაფრით ვერ გამოვტყუებდით...

მთვარის დღევანდელი მოწვევის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ზუსტად ამ დღეს, 1969 წლის 21 ივლისს, ამერიკელი ასტრონავტი  ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც შედგა ფეხი მთვარეზე  და გააკეთა ერთი პატარა ნაბიჯი, რომელიც გახდა გიგანტური ნახტომი კაცობრიობის ისტორიაში... 15 წუთში კი მას მისი კოლეგა, ედვინ ოლდრინი შეუერთდა... და მთვარე გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ასტრონომიული ობიექტი, დედამიწის შემდეგ, რომელზეც ფეხი შედგა ადამიანმა... ადამიანების პირველი ეკიპაჟის ყოფნა მთვარეზე გაგრძელდა 21 საათის, 36 წუთისა და 21 წამის განმავლობაში... მათ მთვარეზე აღმართეს  ამერიკის შეერთებული შტატების დროშა და აასრულეს პირადად აშშ პრეზიდენტ ჯონ კენედის ოცნებაც, რასაც ის, სამწუხაროდ ვერ მოესწრო - შეძლეს მის მიერ დასახელებულ ვადაში (1970 წლამდე) გაესწროთ საბჭოთა კავშირისთვის მთავრის პროგრამით... 


 

 

ნილ არმსტრონგი- მთვარეზე ფეხი პირველად ამ ადამიანმა დაადგა

 

საინტერესოა, რომ მთვარეზე ადამიანის გადასვლის მომენტის პირდაპირ ტრანსლაციას  მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებდა, საბჭოთა კავშირში კი არავინ არაფერი არ იცოდა...  შემდგომში ამერიკელები გაავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს სსრკ-ს ტელევიზიით ამ დროს გადაიცემოდა  საბჭოთა ფილმი „მწყემსი და ღორების მომვლელი გოგონა", რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს... რადგან, იმ პერიოდში, დილის 5 საათზე, ტელევიზია არ მუშაობდა... ისევე, როგორც არ შეესაბამება სიმართლეს და ვერასდროს დავიჯერებ იმას, რაზეც დღემდე საუბრობენ -  თითქოს ამერიკელი ასტრონავტების „მთვარის სცენები" დედამიწაზე იყო გადაღებული, თანაც რეჟისორ სტენლი კუბრიკის მიერ... 

ისე კი, არაფრით არ შემიძლია არ ვთქვა, რომ რამდენი რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, რამდენი პრობლემა მოიხსნებოდა და როგორ გალამაზდებოდა ჩვენი დედამიწა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ისეთივე წარმატებით სხვა საკითხებში რომ ეპაექრათ... სხვათაშორის 1972 წელს, მთვარეზე ასულმა ამერიკელების უკვე მეოთხე ეკიპაჟმა, მთვარის გრუნტში ჩაფლა პატარა ასტრონავტის ქანდაკება და დისკი, რომელზეც დაღუპული ასტრონავტების გვარებს შორის რუსი კოსმონავტების გვარებიც იყო მითითებული...

მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე  ადამიანების უკვე რამდენიმე ექსპედიცია იყო ჩასული, ის როგორც ადრე, დღესაც რჩება მრავალი საიდუმლოებით მოცული... ჯერ კიდევ არისტოტელი და პლუტარქე  წერდნენ ადამიანთა იმ რასაზე (Proselenes), რომლებიც ძველი არკადიის მიდამოებში ცხოვრობდნენ მანამ, სანამ ცაზე მთვარე გამოჩნდებოდა... ამასვე ადასტურებს ბოლივიის მახლობლად ნაპოვნი სიმბოლოები, რომელთა მიხედვით, მთვარე დედამიწის ორბიტაზე სულ 11 500 წლის წინ გამოჩნდა... ასევე არსებობს თეორია, რომ მთვარე უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდია, რომელსაც ვერავინ ვერ უარყოფს, რადგანაც მისი გამართლების შემთხვევაში, იხსნება თითქმის ყველა შეკითხვა და საიდუმლო, რაც მთვარესთან არის დაკავშირებული...  

ალბათ, ყველას გაგიგიათ მთვარის მტვერის შესახებ, რომელსაც ხან აუქციონებზე ყიდიან და ხან მუზეუმებიდან იპარავენ...  თუმცა, მთვარეზეც რომ არსებობს ცისარტყელა, ნაკლებად მკვეთრი და არანაკლებ ლამაზი, ვიდრე დედამიწაზე და თითქმის თეთრი, მხოლოდ გუშინ გავიგე... აქ ასევე აღმოჩენილია ხიდები, წყლის მარაგი, სავარაუდოდ, ქალაქების კვალიც... ერთ-ერთმა ასტრონავტმა, ჯეიმს ირვინმა, მთვარეზე მოგზაურობის შემდეგ განაცხადა - „ როდესაც მთვარის ზედაპირს დავაბიჯე,  რაღაცა ღვთაებრივი შეგრძნება დამეუფლა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ სადმე უფრო წმინდა ადგილი არსებობდეს"...

კარგია, რომ ჩვენი დედამიწის თანამგზავრი სუფთა და კეთილია... თანამგზავრი ასეთი უნდა იყოს... მე კი, შევუერთდები ერიჰ მარია რემარკის გაოცებას იმასთან დაკავშირებით, რომ კაცობრიობამ ამდენ ხანს ძეგლი არ დაუდგა მთვარეს და...

გისურვებთ ძალიან წარმატებულ, განათებულ და ლამაზ დღეს!

 


 

არქივი