geo_flag eng_flag rus_flag

კაცი კი არა... ღრუბელი შარვალში...
- +

19 ივლისი. 2016. 11:31

ძალიან დილა მშვიდობისა!

, დღეს ვაპირებ ისეთ ფორმაში დაგხვდეთ, რომ უცებ შეიძლება დაიბნეთ კიდევაც აუცილებლად კოპლებიან, წელში გამოყვანილ და მერე თავისუფლად ჩამოვარდნილ ჰაეროვან კაბაში, ოღონდ წვრილკოპლებიანში და არავითარ შემთხვევაში არაშავ-თეთრში —  მაგალითად, ქემელის ფერზე ბეჟისფერით ან ფისტაშკებისფერზე ნაცრისფერი მარცვლებით. ფეხზე მსუბუქი ტილოს ფეხსაცმლით, ორადგაყოფილი, მკაცრად გასწორებული და ყურებზე გადაწეული თმებით, ბოლოში ბუნებრივად დაკულულებულით და ყელზე მარგალიტის ვიწრო და გრძელი ასხმით  დამშვენებული.

ახლა არ მითხრათ, რომ კარგად არ გამოვიყურები და მაგალითად, კოპლები მასუქებს ან გადაწეული თმებით ნადეჟდა კრუპსკაიას ვგავარ რადგანაც დღეს ჩვენი სტუმარია მე-20 საუკუნის  ერთ-ერთი უძლიერესი პოეტი და გამორჩეული შემოქმედი, საოცარი პიროვნება და, ბოლოს და ბოლოს, ორმეტრიანი მომხიბვლელი მამაკაცი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომლის პოეზიასაც კრუპსკაიას ქმარმა  და ამავდროულად ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მამამ — ლენინმა, თავის დროზე გაუგებარი ტარარაბუმბია უწოდა, და რომელიც დაბადებულია ზუსტად ამ დღეს, 1893 წლის 19 ივლისს, საქართველოში, ბაღდათში.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ბავშვობიდან ვარ მასზე შეყვარებული. სხვათა შორის, ის საბჭოთა ლექსიც პასპორტზე, რომელიც სასკოლო პროგრამაში შედიოდა,  ძალიან მომწონდა რითმითა და რიტმით,  საოცარი თავისუფლების შეგრძნებით. რაც შეეხება შინაარსს, კაცი ვერ გაიგებს, ხუმრობდა პოეტი, თუ არა. ჩემთვის, მას შემდეგ, რაც დიდი ხნით ჩავუჯექი მაიაკოვსკის პოეზიასა და წერილებს, ამ ლექსში უფრო მეტი ირონია და ფარსი აღმოვაჩინე, ვიდრე აღფრთოვანება პირადობის დამადასტურებელი საბუთით. ასევე ვერავის დავეთანხმები მისი შემოქმედებისა და პიროვნების რაიმე ჩარჩოებში ჩასმის მცდელობაში.

ადრე გვასწავლიდნენ, რომ მაიაკოვსკი პროლეტრიატის რუპორი იყო. ჩემთვის კი ასეთი გახლდათ, მაგალითად, მაქსიმ გორკი (თუმცა მის ბოლომდე გულწრფელობაშიც ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი).  მაიაკოვსკი იმდენად დიდი იყო თავისი აზროვნებით, მასშტაბებით, სიტყვის ძალითა და არტისტიზმით, რომ ის არ ეკუთვნოდა არცერთ მიმართულებას. მისი ხშირად ლოზუნგებივით მჭრელი ლექსები იმდენად ღრმა ლირიკასა და სენტიმენტალიზმსაც კი  შეიცავს, რომ იბნევი საბოლოოდ, ვინ არის ეს კაცი —ფანატიკოსი თუ ფუტურისტი, უფაქიზესი სულის ადამიანი თუ ირონიით სავსე, უგულო  რითმების საოცარი შემრჩევი. მე მგონი, მაიაკოვსკი ყველანაირი იყო და ამიტომაც იყო მაიაკოვსკი — ყველასგან გამორჩეული და ბოლომდე შეუცნობადი, ალბათ, ყველაზე დიდი ხულიგანი პოეზიაშიმართლაც,  „ღრუბელი შარვალში.

 

რად ღირს მისი:

თქვენ თუ შეძლებდით ნოქტურნის დაკვრას

წყლის მილებისგან აწყობილ ფლეიტით? 

ან 

მიმაბით ყველა კომეტის კუდზე

ვარსკვლავის ეშვზე დავტოვებ ნაფლეთს…“

ძალიან მომწონს პოეტის საკუთარი თავისადმი ირონიული დამოკიდებულება, რაც, როგორც წესი, მხოლოდ დიდი პიროვნებების ხვედრია. ერთ-ერთი ლექსის შექმნის პროცესზე, მან დაწერა: ჩემს კიდევ ერთ, ბეჰემოთივით მოუქნელ ლექსს, აი ასეთი სამოთხის პატარა კუდი მივაბი.

მაიაკოვსკის მიაჩნდა, რომ მისი ათი ლექსიდან ხუთი იყო კარგი, სამი — საშუალო და ორი კი —  უვარგისი. იქვე ამატებდა ხოლმე, რომ ალექსანდრე ბლოკის ათი ლექსიდან, რვა იყო ცუდი და მხოლოდ ორი კარგი, მაგრამ იმდენად კარგი, როგორსაც თავად მაიაკოვსკი ვერასდროს დაწერდა.

 

 

მაიაკოვსკი ცხოვრებაშიც, ისევე, როგორც შემოქმედებაში, არაერთგვაროვანი იყო. საოცარი სიკეთით გამოირჩეოდა. პოულობდა უპატრონო მოხუცებს, რომლებსაც ანონიმურად უგზავნიდა ფულს, სათუთად ექცეოდა ცხოველებს, განსაკუთრებით უყვარდა ცხენები და ძაღლები. მაგრამ ამავე დროს, იცოდა სერიოზული გაბრაზება და წყენაც.

ერთხელ მაიაკოვსკიმ, რომელმაც, სხვათა შორის, მშვენივრად იცოდა ქართული ენა, განაცხადა, რომ ის ქართველებს შორის თავს ქართველად გრძნობდა, ხოლო რუსებს შორის — რუსად. დარბაზიდან ვიღაცამ უტაქტო რეპლიკა ესროლა, და სულელებს შორისო? მაიკაოვსკი არ დაიბნა და უპასუხა: აი, სულელებს შორის კი, პირველად ვიმყოფები.

მაიაკოვსკი ყოველთვის სარგებლობდა მანდილოსნების განსაკუთრებული ყურადღებით. უამრავი რომანი ჰქონდა, მაგრამ ერთი მათგანი მისთვის მართლაც საბედისწერო აღმოჩნდა. მას ძლიერ (როგორც მხოლოდ მას შეეძლო) შეუყვარდა უკვე გათხოვილი ლილია ბრიკი, მეტად საინტერესო და არაორდინალური ქალი, რომელსაც ვერ იტანდა ანა ახმატოვა და თანაც ისე დაუფარავად, რომ თავად ეს ფაქტიც ბრიკის არაორდინალურობაზე მეტყველებდა.

მათ ძალიან რთული ურთერთობები ქონდათ. მაიაკოვსკიმ გადააბიჯა მორალის ყველა ნორმას, დასახლდა ლილიასა და მის მეუღლესთან ერთად, წერდა ბრიკს საოცარ წერილებს და მიუძღვნა ის ლექსებიც კი, რომელიც მის გაცნობამდე შექმნა. ლილია კი არც მალავდა, რომ აბსოლუტურად აკონტროლებდა მაიაკოვსკის და რომ მისი მათრახის შემდეგ, პოეტს უკეთესი ლექსები გამოსდიოდა.

ძალიან გასაკვირია და გაუგებარი, როგორ შეძლო ამ ქალმა, რომელიც არ გამოირჩეოდა არც განსაკუთრებული მომხიბვლელობით,  არც სათნოებითა და მიმტევებლობით, ამ დევივით კაცის დამონება.

შეიძლება პასუხი ძალიან მარტივიც იყოს. მაიაკოვსკის შეუყვარდა, სხვანაირი სიყვარული კი მას არ შეეძლო. ვიღაც სხვა რომ შეყვარებოდა, ალბათ, მასზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა, მაგრამ

ის არასდროს არაფერში არ ადანაშაულებდა ბრიკს, პირიქით, ყოველთვის და ყველასთან იცავდა, რისთვისაც კიდევ უფრო მიყვარს და ვაფასებ. როგორ შეიძლება, ქალზე, რომელიც გიყვარს, ვინმეს რამე ალაპარაკო?!

ერთხელ ისიც კი გამოაცხადა, ნუ ეკამათებით ლილიას, ის ყოველთვის მართალიაო.

ვიღაცამ ჰკითხა, მაშინაც კი, მაგალითად, რომ თქვას,  კარადა ჭერზე დგასო? 

მაიაკოვსკიმ, კიო.

შეეკამათნენ.

 

 კი მაგრამ, კარადა ხომ სინამდვილეში იატაკზე დგას?

 

მაიაკოვსკი არ დაიბნა:

— ეს თქვენთვის დგას იატაკზე და აბა, ქვედა მეზობელს ჰკითხეთ!

აი, ასეთი იყო, ყველაფერში სხვანაირი და გამორჩეული, კოსმიური და მიუწვდომელი და ამავე დროს, როგორც აღმოჩნდა, სრულიად დაუცველი.

ის სულ 37 წლისა იყო, როდესაც საკუთარი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან.

საოცარი სიტყვები აქვს ნათქვამი: თუკი ვარსკვლავებს ანთებენ, ესე იგი, ეს ვიღაცას სჭირდება.

შესაბამისად, თუ ვარსკვლავი ქრება, ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მას მოეჩვენა, რომ არავის არ სჭირდება, ან იმდენად კაშკაშად ანათებდა, რომ ვერ გაუძლო და გადაიწვა.

გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

არქივი