geo_flag eng_flag rus_flag

კაცი, ვინც ხეებს ტოტებს ამტვრევდა
- +

18 ივლისი. 2016. 11:45


ძალიან დილა მშვიდობისა!

ამ დასვენების დღეებში ცნობილი მოვლენების გამო, განსაკუთრებით დავაფასე, რა კარგია, რომ ჩვენს აივანზე, ჩვეულებრივ დილის მისალმებას  წინ ტრადიციულად სიტყვა „ძალიანს" ვამატებთ და გამოდის - „ძალიან დილა მშვიდობისა!"... რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ძალიან მშვიდობიანი დილის გათენება... სხვა ყველაფერს ეშველება და სხვა ყველაფერს მოუვლის კაცი და გადაიტანს...

ბოლო დროს ხშირად მიფიქრია, რა უსაშველოდ მოკლეა ადამიანის ცხოვრება და რა ცოტა რამეა საჭირო, რომ ის გაალამაზო...  ზედმეტად გაუღიმო ვიღაცას, ხელი გაუწოდო მას, ვისაც ზოგჯერ ეს ყველაფერზე ძალიან ჭირდება და, რაც მთავარია, ერთი პატარა აგური მაინც დადო გზაზე, რომელზეც შენს მერე გამომვლელს გზას ცოტათი მაინც გაუიოლებ...

საბედნიეროდ, ეს ადამიანის ბუნებაშია... სხვა შემთხვევაში, ადამიანი ვერ გადარჩებოდა და ვერ შემოინახავდა ისტორიას, კულტურას და საოცარ ადამიანურ თვისებებს... 

მაგრამ არსებობენ კიდევ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც წყნარი ცხოვრება არ შეუძლიათ... მათთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საკუთარი თავის, ოჯახის, ახლობლების კეთილდღეობა, ისინი სულით მებრძოლეები არიან, უფრო ფართო  მასშტაბებით აზროვნებენ, უფრო თვალუწვდენელ ჰორიზონტებს წვდებიან  და ხშირად თავსაც კი სწირავენ იმას, რომ ეს დედამიწა ცოტა კიდევ უფრო ჰარმონიული, სამართლიანი და მშვენიერი გახდეს...

დღეს ჩვენი აივნის სტუმარია სწორედ ასეთი კაცი, რომელსაც ეკუთვნის შესანიშნავი სიტყვები - „მამაცი და გაბედული ის კი არ არის, ვისაც შიშის გრძნობა არ გააჩნია, არამედ ისა, ვინც ებრძვის შიშს და იმარჯვებს მასზე". ადამიანი, ვისაც ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ, საკუთარ სამშობლოზე ასე ამბობდა - „მე ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც კაცი ჯერ ციხეში ჯდება და მერე კი მას პრეზიდენტად ირჩევენო"... თავად ის, მთელი 27 წელი იჯდა ციხეში. 

იმედია, მიხვდით, რომ საუბარია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტზე, ნობელის პრემიის ლაურეატზე, ადამიანზე, ვინც გახდა თავისუფლებისა და უკომპრომისობისათვის ბრძოლის ნამდვილი სიმბოლო - ნელსონ მანდელაზე... რომელიც ზუსტად ამ დღეს, 1918 წლის 18 ივლისს დაიბადა.

მანდელას მამას ყავდა 4 მეუღლე, თანაც ერთდროულად... მანდელას დედა - ნონგაპი  მისი რიგით მესამე მეუღლე იყო, მანდელას კი დაბადებიდან როლილაჰლა (Rolihlahla) დააარქვეს, რაც კოსას თემის ენაზე ნიშნავს: „ის, ვინც ხეებს ტოტებს ამტვრევს", ანუ „მოუსვენარი". მანდელას ძალიან მოსწონდა თავისი სახელი... ის 14 და-ძმიდან  პირველი იყო, ვინც სკოლაში დაიწყო სიარული და მასწავლებელმა მოწაფეებს ინგლისური სახელები „ჩამოურიგა". ასე გახდა როლილაჰლა - ნელსონი. მაგრამ ამისგან ნაკლებ მოუსვენარი არ გამხდარა, როგორც ჩანს, აფრიკულ სახელებში განსაკუთრებული მაგიაა შეპარული და ჩაქსოვილი... მანდელას მთელი ცხოვრება იყო ბრძოლა იდეებისა და იდეალებისთვის.

 

 

1937 წელს მანდელამ ჩააბარა სამხრეთ აფრიკის იმ დროისთვის ერთადერთ ფორტ-ჰერის უნივერსიტეტში, სადაც სწავლის უფლება შავკანიანებსა და ინდიელებსაც ქონდათ და ემზადებოდა ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრის წოდების მისაღებად, მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისადმი პროტესტის ნიშნად,   მან უარი განაცხადა უნივერსიტეტის სტუდენტურ საბჭოში შესვლაზე და მიიღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დატოვების შესახებ. მანდელა ასევე შეეწინააღმდეგა თავისი რეგენტის (რომელიც მას 9 წლის ასაკში, მამის სიკვდილის შემდეგ, როგორც ერთ-ერთი ცნობილი გვარის წარმომადგენელს  დაუნიშნეს),  გადაწყვეტილებას  მანდელას მიერ ოჯახის შექმნის შესახებ და გაიპარა იოჰანესბურგში... აქ მან  მუშაობა დაიწყო და ცოტა რომ ფეხზე დადგა, რეგენტს ბოდიშიც მოუხადა  და იმდენად დაარწმუნა თავის მიზნების რეალობაში, რომ რეგენტმა ფინანსური დახმარებაც გაუწია, რის შედეგადაც, მანდელამ არა მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერების ბაკალავრის წოდება, არამედ იურიდიული განათლებაც კი მიიღო. 

სწორედ ამ პერიოდში ნელსონმა დაიწყო აქტიური ბრძოლა აპარტეიდის წინააღმდეგ, თავის მეგობარ, ოლივერ ტამბოსთან (რომელიც შემდგომ აფრიკის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი გახდა) და გარი შვარცთან ერთად, რომელიც მომავალში აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩად დანიშნა... მაგრამ ამ დრომდე თითქმის 40 წელი იყო გასავლელი...  რთული, ქედმოუხრელი და თავგანწირული 40 წელი...

1948 წელს მანდელა აფრიკის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ლიგის მდივანი გახდა, 1949 წელს - კონგრესის ეროვნული საბჭოს წევრი, 1952 წელს კი სათავეში ჩაუდგა კონგრესის თაოსნობით შექმნილ დაუმორჩილებლობის კამპანიას. იმავე წელს მანდელამ და ოლივერ ტამბომ შექმნეს პირველი იურიდიული ფირმა, რომელსაც მართავდნენ შავკანიანები და რომელიც აფრიკელებს უფასო ან იაფფასიან იურიდიულ დახმარებას უწევდა... 1964 წელს კი მანდელა დააკავეს და ხელისუფლების დაუმორჩილებლობისა  და საბოტაჟისათვის მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს... 

ნელსონ მანდელამ ციხეში 27 წელი დაჰყო.  ის, როგორც პოლიტიკური პატიმარი, მინიმალური უფლებებით სარგებლობდა... ნახევარი წლის განმავლობაში მას მხოლოდ 1 სატელეფონო ზარის გაკეთების ან 1 წერილის მიწერის უფლება ჰქონდა... მან, მიუხედავად ამისა,  მოახერხა დაუსწრებლად ლონდონის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრება... უფრო მეტიც, 1981 წელს მანდელამ ციხიდან იყარა კენჭი ლონდონის უნივერსიტეტის საპატიო რექტორის თანამდებობაზე, მაგრამ წარუმატებლად... 80-იანი წლების შუიდან მანდელას რამდენიმეჯერ შესთავაზეს თავისუფლება იმის ფასად, რომ ის უარს იტყოდა აპარტეიდთან ბრძოლაზე, მაგრამ მან უარი... სწორედ ციხიდან გამოსვლაზე განაცხადა...

1989 წელს, როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ნელსონ მანდელა ციხიდან გაათავისუფლეს.

1994 წელს კი, ქვეყნის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნებში, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა ხმათა 63% მიიღო და ნელსონ მანდელა ქვეყნის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა... ის 5 წელი მართავდა ქვეყანას და ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება მოასწრო - სწორედ ამ პერიოდში სამედიცინო დახმარება ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის, ისევე როგორც განათლება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, უფასო გახდა... გაიზარდა დოტაციები სოფლის მაცხოვრებლებისათის, მიიღეს პროგრესული კანონები მიწაზე, შრომით ურთიერთობებზე, ადამიანთა თანასწორობაზე რასისა და სქესის მიუხედავად... და მრავალი, მრავალი სხვა... 

ნელსონ მანდელამ 95 წელი იცოცხლა... მას 3 მეუღლე ყავდა, მაგრამ მამისგან განსხვავებით, ერთდროულად არა... დარჩა 17 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი, რომლებიც დღეს, სრულიად სამართლიანად, ამაყობენ თავიანთი მართლა დიდი და ღირსეული წინაპრით... 

მე კი ისევ მისი სიტყვებით მინდა დავასრულო:

„ადამიანმა ცხოვრება ლამაზად და ბრძნულად უნდა განვლოს და არასდროს არ დაავიწყდეს, რომ კეთილი საქმის დაწყება არასდროს არ არის გვიან... თუნდაც, სულაც ამ წუთში დაწყება..."!

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და კეთილ ორშაბათს!!! 

 

ლელა ანჯაფარიძე



 

წყარო : wyaro
არქივი