geo_flag eng_flag rus_flag

ოსკარ შმერლინგი – გერმანული წარმოშობის ქართველი მხატვარი
- +

15 ივლისი. 2016. 11:29



ქართულ პოლიტიკურ კარიკატურას სწორედ ოსკარ შმერლინგმა ჩაუყარა საფუძველი.

იმ თორმეტმა საფოსტო ბარათმა, ჩემი ოჯახის არქივში თითქმის საუკუნეა რომ ინახება, გადამაწყვეტინა, ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი და პედაგოგი ოსკარ შმერლინგი გავიხსენო. გასული საუკუნის 10-იან წლებში შესრულებული ღია ბარათების კრებული „წარმავალი თბილისი", დღეს უკვე რარიტეტია. ოსკარ შმერლინგის მიერ ძველი თბილისის ჟანრული სცენები ერთგვარი მსუბუქი იუმორითა და სენტიმენტალობით გამოირჩევა. ამ დიდებულ პიროვნებაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, მისი ცხოვრება და შემოქმედება კარგადაა შესწავლილი და ჩვენი ხელოვნებათმცოდნეების მიერ მასზე ბევრიც დაწერილა. მე მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას მოვახდენ, რათა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ ვინ იყო ოსკარ შმერლინგი - გერმანული წარმოშობის ქართველი მხატვარი.


„დავიბადე 1863 წლის 13 ივლისს, თბილისში, ცალ ხელში „კარანდაშით", ხოლო მეორეში მათრახით. აი ამ დღიდან „კარანდაში" და მათრახი შეიქმნა ჩემი განუყრელი მეგობარ-თანაშემწენი საყვარელი სამშობლო კუთხისთვის დიდად სასარგებლო მოღვაწეობის დროს", ხუმრობით აღნიშნავს ოსკარ შმერლინგი თავის ავტობიოგრაფიაში.

 

                         

 

თავად შმერლინგი თავს ქართველ მხატვრად თვლიდა. ამასვე ადასტურებს მხატვრის ქალიშვილი, რენე შმერლინგი, რომელიც წერდა: „ჩვენ, შმერლინგები, მკვიდრი თბილისელები ვართ. მამაჩემი ქართველი მხატვარი იყო". ასე რომ, მამა-შვილი შმერლინგები თავს ქართველებად თვლიდნენ და ქართული ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილიც მიუძღვით. მეტად ფასეულია ოსკარ შმერლინგის აკვარელით შესრულებული ძველი თბილისის ამსახველი ნახატები.

 

                         


ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძე: „ოსკარ შმერლინგისთვის თბილისი ეთნოგრაფიული მრავალფეროვნებით მდიდარ გარემოს წარმოადგენდა. იგი სიცოცხლის მოყვარე, უშრეტი იუმორის მქონე მხატვარ-გრაფიკოსი იყო. თანაბარი ინტერესით მუშაობდა, როგორც პოლიტიკური კარიკატურის, ასევე ყოფით ჟანრში".


ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძის აზრით, ქართულ პოლიტიკურ კარიკატურას სწორედ ოსკარ შმერილნგმა ჩაუყარა საფუძველი.

 

                          


1902 წელს იგი თბილისში ხსნის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელს, სადაც იწვევს ცნობილ მხატვრებს, მათ შორის იაკობ ნიკოლაძეს და იოზეფ როტერს. 1922 წელს სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა სამხატვრო აკადემია, სადაც ოსკარ შმერლინგი პროფესორად მუშაობდა. მისი მოწაფეები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მიხეილ ჭიაურელი.


                          


განსაკუთრებითაა აღსანიშნავი, რომ ოსკარ შმერლინგმა დაასურათა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" (1895 წელს, გრავირებული გრიგოლ ტატიშვილის მიერ), „თავდადებული ქართველნი" და „იავნანამ რა ჰქმნა?" (1904 წელს). აგრეთვე, ქართველ ქალთა წრის მიერ დასტამბული ქართული ზღაპრები (1905 წ.) და სხვა გამოცემები. 1901 წელს გამოდის გაზეთ „ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატება ვალერიან გუნიას რედაქტორობით. მეორე ნომერში ოსკარ შმერლინგის კარიკატურები გამოჩნდა. ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა. თანამშრომლობდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი", „შურდული", „ბზიკი", „ეშმაკის მხარე", „სოფლის ალიაქოთი" და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში. 1933 წელს მხატვრის მოღვაწეობის 40 წლისთავი აღინიშნა.


შალვა დადიანმა, სანდრო შანშიაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა დიდი შეფასება მისცეს მის შემოქმედებას და ქართული კარიკატურის პიონერი უწოდეს.

 

                          


ოსკარ შმერლინგი 1938 წელს გარდაიცვალა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია ხელოვნებისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმებში, კერძო კოლექციებში და მე ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ძველი თბილისის ყოფის ამსახველი 12 საფოსტო ბარათი ჩემს საოჯახო არქივშიც ინახება.



 

არქივი