geo_flag eng_flag rus_flag

ტერეზა მეის ახალი „ძველი“ კატა...
- +

13 ივლისი. 2016. 10:32



ძალიან დილა მშვიდობისა!


დღეს ისეთი განსაკუთრებული დღეა, რომ სრულ თავისუფლებას გჩუქნით... ანუ, როგორც გესიამოვნებათ, ისე  გამოეწყვეთ, რა ტრანსპორტითაც გინდათ, იმით ამობრძანდით, რა განწყობაზეც ხართ, ისევე დარჩით...  ერთადერთი, ცოტა სიფრთხილე მართებს მათ,  ვინც ჩინური კალენდრით, ვირთხის წელს არიან დაბადებულები... განსაკუთრებული პრივილეგიები კი  ვეფხვის წელიწადში გაჩენილებს მიენიჭებათ, რადგანაც  ჩვენი დღევანდელი აივნის  სტუმრები არიან სრულიად შეუცნობადი, კოსმოსური და მაგიური არსებები - კატები... რომლებიც, როგორც ვიქტორ ჰიუგომ ბრძანა, ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს  პატარა ვეფხვის მოფერების საშუალება მისცეს...

 

 

პატარა ვეფხვი

 

ჩვენს აივანზე კი ასეთი კატამრავლობა  იმითაა გამოწვეული, რომ ზუსტად ამ დღეს, 1871 წლის 13 ივლისს, ლონდონის ბროლის სასახლეში ჩატარდა მსოფლიოში პირველი კატების გამოფენა, რომლის ორგანიზატორი გახლდათ  ცნობილი მხატვარი და ანიმალისტი, ჰარისონ უერი, რომელმაც პირველად განსაზღვრა კატების შეფასების კრიტერიუმები და ფაქტიურად, საფუძველი ჩაუყარა ახალ მეცნიერებას კატების შესახებ - ფელინოლოგიას. 


გამოფენამ საზოგადოებაში ნამდვილი ფურორი  მოახდინა... მეორე დღეს ლონდონის გაზეთების პირველი გვერდები პოლიტიკოსების მაგივრად კატების სურათებით აჭრელდა, სულ ცოტა ხანში კი ლონდონში შეიქმნა   კატების მოყვარულთა პირველი კლუბი... დღეისათვის მსოფლიოში 20-მდე კატების ინტერესების დამცველი  საერთაშორისო ორგანიზაცია მოღვაწეობს, მათ შორის კატების მოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციაც. 


არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ზოგიერთ თქვეგანს კატები მაინც და მაინც არც უყვარდეს ან გაცილებით ნაკლებად უყვარდეს ძაღლებზე (მაგალითად, მე!), მაგრამ, დამიჯერეთ, ამაში დამნაშავეები მხოლოდ კატები არ ყოფილან...


მაგალითად, ცნობილი  მწერალი და ფელინოლოგი, დებორა ედვანსის აზრით, „თუ თქვენ კატები არ გიყვართ, ესე იგი ჯერჯერობით ცხოვრებაში თქვენი კატა არ შეგხვედრიათ..." ერნესტ ჰემინგუეი თვლიდა, რომ „კატები ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებებისგან, მათ შორის ადამიანებისგანაც იმითი გამოირჩევიან, რომ  აბსოლუტურად გულწრფელები არიან და თვალთმაქცობა არ შეუძლიათ"... ლეონარდო და ვინჩის შეფასებით, „ნებისმიერი, ყველაზე პატარა კატაც კი - ხელოვნების ნიმუშია", ბერნარდ შოუ კი თვლიდა,  რომ „ადამიანის კულტურა მისი კატებისადმი დამოკიდებულებით განისაზღვრება"...


ამიტომ, მოდით, კულტურულები ვიყოთ და მივხედოთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, მითუმეტეს, რომ ისინი კატებშიც კი გამორჩეულები არიან...


მაგალითად, შავ-თეთრი  კატა, მარჯვენა მოაჯირთან, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი მეზღვაური კატა - სახელად სეიმონია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იმ 3  სხვადასხვა გემზე იმყოფებოდა, რომლებიც ჩაიძირა, კატა კი გადარჩა...  მის გვერდით გაწოლილი  თეთრკუდიანი კატა, სტაბსი კი, ალიასკაზე ტურისტების მოსაზიდად, ოფიციალურად აირჩიეს ერთ-ერთი ქალაქის მერად... შეხედეთ  კუპრივით შავ და პატრონივით მოუსვენარ კატას, სახელად ინდოეთი, რომელიც აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს ეკუთვნოდა და კინაღამ დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდა, თავისი სახელის გამო. ისტორია კი იმით დასრულდა, რომ ინდოეთის ნაციონალურმა პარტიამ,  საპასუხოდ შეიძინა თეთრი კნუტი და მას სახელად ბუში დაარქვა...  ეს ლამაზი და დახვეწილი „რიჟა ფერის" კატა, სახელად „ორანჯი" კი ცნობილი კინომსახიობი გახლავთ, კატების „ოსკარის" - „პეტსის" მსოფლიოში ერადერთი  ორგზის მფლობელი, რომელიც თავად ოდრი ჰეპბერნის კატის როლს ასრულებდა  ცნობილ ფილმში „საუზმე ტიფანისთან"...

 

 

კატები თავნება არსებები არიან, სეირნობენ როცა უნდათ და სადაც უნდათ...

 

განსაკუთრებული ყურადღება კი მინდა მიაქციოთ ჩვენს სპეციალურ სტუმარს დიდი ბრიტანეთიდან, კატა ლარის, რომლისთვისაც დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საპუხისმგებლოა... თუკი მთელი დიდი ბრიტანეთი დღეს, 2016 წლის 13 ივლისს, ახალი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის დანიშვნას ელის, ლარი გულის ფანცქალით ელოდება ახალი პატრონის  შეძენას...


საქმე იმაშია, რომ დიდ ბრიტანეთში XV  საუკუნიდან არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მმართველების რეზიდენციაში  კატებს ასახლებენ. 1929 წლიდან კი ინგლისის პრემიერ მინისტრების ცნობილ რეზიდენციაში, რომელიც დაუნინგ-სტრიტზე მდებარეობს,  კატებმა  ოფიციალური სტატუსი მიიღეს და, სხვათა შორის  ხელფასიც, რომელიც თვეში 100 ფუნტით განისაზღვრება.


ლარი რეზიდენციაში თავის დროზე, 2011 წელს, პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა მიიყვანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლარი ოფიციალურად იქცა სახელმწიფო მოხელედ, ის დევიდის პირადი კუთვნილებიდან დიდი ბრიტანეთის კუთვნილებაში გადავიდა... სწორედ ამიტომ, ის უნდა დარჩეს რეზიდენციაში და დახვდეს ახალ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის... იმედია, რომ ისინი ერთმანეთს შეეწყობიან...


მე კი ჩუმად გაგიმხელთ იმას, რაც ლარიმ მომიყვა - თურმე, ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოწევაზე  შეზღუდვის შემოღების  წინააღმდეგი ყოფილა, რადგანაც ეს მწეველების უფლებების შელახვად მიაჩნია  (ამ ადგილას ტერეზა მეისადმი, ბუნებრივია, განსაკუთრებული სიმპათია ვიგრძენი)...


გარდა ამისა,  მიუხედავად იმ საკმაოდ სერიოზული პოსტისა, რომელიც ქალბატონ ტერეზას პრემიერ-მინისტრობამდე ეკავა (შინაგან საქმეთა მინისტრი), მას ძალიანაც უყვარს ლამაზი და მოხდენილი ჩაცმა... ერთხელ ინტერვიუს დროს წამოცდა, რომ კოსმოსში წასვლა რომ მოუხდეს, თან წაიღებდა მოდურ ჟურნალ VOGUE-ის ახალ კატალოგს... ხოლო მის „სისუსტეს" კი, თურმე   ექსტრავაგანტული ფეხსაცმელი წარმოადგენს... ჟურნალისტები დიდხანს ჭორაობდნენ მის „ლეოპარდის" ფეხსაცმელზე  რომლითაც ის პარტიულ ყრილობაზე გამოვიდა, ერთხელ კი მას მოუწია დედოფალი ელისაბედ II-სთვის რევერანსის გაკეთება ლაკის  ბოტფორდებში რის შემდეგაც,  ჟურნალისტების ირონიულ შენიშვნებს  ქალბატონმა ტერეზამ ღიმილით უპასუხა (აქ  კი ტერეზა მეი თითქმის შემიყვარდა)...   


ვუსურვოთ მას წარმატებები ესოდენ პასუხისმგებელ პოსტზე!


თქვენ კი გისურვებთ ბედნიერ და ძალიან ლამაზ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 


 

წყარო : wyaro
არქივი