geo_flag eng_flag rus_flag

არისტოკრატი მონმარტიდან...
- +

12 ივლისი. 2016. 10:54


ძალიან დილა მშვიდობისა!


დღეს ქალბატონები უსიტყვოდ ვიპრანჭებით... არ დამიწყოთ ახლა - თმები შესაღები მაქვს... ვერ წამოვალ... ტანსაცმელი არა მაქვს... ფეხსაცმელი ჩანთას არ უხდება...ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და ჩემთან არ გაგივათ... რადგანაც მშვენივრად ვიცი, რომ როცა ქალს ძალიან უნდა... აი, ძალიან-ძალიან... ის ყოველთვის შეძლებს იყოს ისეთი თვალწარმტაცი და მომხიბვლელი... თვითონაც რომ გაუკვირდება მერე... მთავარია, სტიმული... სტიმულს კი გპირდებით...


რაც შეეხება მამაკაცებს, დღეს ისინი ეჭვიანობისთვის უნდა მოემზადონ... იმედია, ჩვენს შორის ოტელოსავით უგულო და ცვირსახოცზე ზედგადამკვდარი  არავინ აღმოჩნდება და ახლა პატარა ფლირტის საშუალება კი ზოგჯერ მანდილოსანს უნდა მისცე, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ერთხელ კიდევ დარწმუნდე, თუ  რა ბედნიერი ხარ, ასეთი მშვენიერი ქალი რომ გყავს გვერდში...


დღეს კი... სულ რამდენიმე წუთში... ჩვენს აივანზე... მონმარტული ბოჰემური სვლით შემოაბიჯებს და შემოიჭრება კაცი, რომელსაც ელეგანტურობაში ბადალი არ ყავდა, თუმცა მის ბეჟისფერ ხავერდის კოსტუმს პერლამუტრის საიდუმლო მზვინვარებას გაცვეთილობა მატებდა... მას მხოლოდ ერთი გამოსასვლელი ცისფერი პერანგი ქონდა, მაგრამ გაწიკწიკებული... სამაგიეროდ, ჯიბეებიდან ფუნჯები უჩანდა და კისერზე სხვანაირად შემოხვეული შარფის გამო კი, ნახევარი პარიზის ქალები, მასში უიმედოდ იყვნენ შეყვარებულები...


 

ამადეო მოდილიანი და პაბლო პიკასო

 

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ დღეს ჩვენი აივნის სტუმარია შეუდარებელი, ყველასგან განსხვავებული, ემოციური და თავშეუკავებელი, ბობოქარი და ფაქიზი, უნიჭიერესი და მომხიბვლელი ადამიანი... ამადეო (მოდი) მოდილიანი... რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1884 წლის 12 ივლისს...


მოდილიანის ბიოგრაფების შეფასებით, მისი ცხოვრება - გამზადებული რომანტიკული მელოდრამაა, რომელიც არავითარ შელამაზებას არ მოითხოვს... ალბათ, სწორედ ამიტომაც მასზე ამდენი რამაა დაწერილი, გადაღებულია 2 მშვენიერი მხატვრული ფილმი, რომლებშიც მთავარ როლებს ასრულებენ ჟერარ ფილიპი და ენდი გარსია... ჩემი აზრით,  ორივე აბსოლუტურად განსხვავებული და საოცარი... სხვათაშორის, საშინელი დამთხვევა: ჟერარ ფილიპი გარდაიცვალა ზუსტად იმ ასაკში, რაც მოდილიანი... ის 36 წლის გახლდათ...


ამადეო მოდილიანი დაიბადა იტალიის ქალაქ ლივორნოში, მარსელიდან გადმოსული საკმაოდ მდიდარი ებრაელების ოჯახში,  მაგრამ სწორედ მისი დაბადების წინ გაირკვა, რომ მამამისი გაკოტრდა... საწოლი კი, სადაც მისი დედა მშობიარობისთვის ემზადებოდა, უცებ დიდ გემს დაემსგავსა, რადგანაც ოჯახი მევალეების მოსვლას ელოდა და  იტალიური წესით, ის, რაც მშობიარობისთვის გამზადებული მანდილოსნის საწოლში იდებოდა, კონფისკაციას აღარ ექვემდებარებოდა...


მოდილიანის ძალიან საინტერესო წინაპრები ჰყავდა... დედის მხრიდან მისი პირდაპირი ნათესავი იყო თვით ფილოსოფოსი სპინოზა,  ბაბუა მამის მხრიდან კი იყო პოლიგლოტი, ენციკლოპედიურად განათლებული, ნაკითხი ადამიანი და ცნობილი მოჭადრაკე. ასე, რომ მოდილიანი ბავშვობიდან თავისუფლად ფლობდა ფრანგულ ენას, კარგად თამაშობდა ჭადრაკს, გადაკითხული ქონდა თანამედროვე პროზა და პოეზია და არაჩვეულებრივად  ერკვეოდა  ანტიკურ ლიტერატურაში.


მოდი ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და ერთ-ერთი ავადმყოფობის დროს, ბოდვისას, მას მოესმა სწორედ ის ხმები, რომლებმაც უწინასწარმეტყველეს, რომ ცნობილი მხატვარი გახდებოდა...


22 წლის ასაკში მოდილიანიმ მიიღო საბოლოო და საბედისწერო გადაწყვეტილება... გადასახლდა პარიზში, მონმარტზე... აქ კი დაიწყო მისი ძალიან არაერთგვაროვანი, ხშირ შემთხვევაში, მშიერი და ყველანაირ კომფორტს მოკლებული, შეიძლება ითქვას არეული, მაგრამ, ალბათ, მაინც ბედნიერი ცხოვრება, რადგანაც ის ქმნიდა... ფუნჯების და საღებავის ფულს შოულობდა, მაგრამ ქანდაკების მასალა მისთვის მიუწვდომელი იყო და ამიტომაც ის ხშირად   მშენებარე მეტროს  პატარა საწყობებს აცარიელებდა... მონმარტზე მან გაიცნო პაბლო პიკასო, ცნობილი რუმინელი მოქანდაკე, კონსტანტინ ბრინკუში, მაკს ჟაკობი, გერმანელი მხატვარი ლუდვიგ მეიდნერი... და სწორედ აქ შედგა 26 წლის მოდის და 20 წლის ანა ახმატოვას პირველი შეხვედრა...


მართალია, ანა ბოლომდე აცხადებდა, რომ მათ მხოლოდ პლატონური სიყვარული აკავშირებდათ და რომ მისი საკმაოდ „გულწრფელი" პორტრეტები, ამადეომ მეხსიერებით დახატა, მაგრამ  მას არავინ  არ უჯერებდა... მომკალით და... არც მე მჯერა...


ერთი კი ფაქტია, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ... ანას შერჩა მოდის ხელით შეჭრილი ცნობილი „ჩოლკა"... მოდიმ კი გააგრძელა ჩვეული ცხოვრება... ისევ სასტუმროდან სასტუმროში, სტუდიიდან სტუდიაში  გადადიოდა, ისევ დროს ატარებდა პარიზის ცნობილ კაბაკებში „შავი კატა" და „მოუსვენარი ბაჭია", სადაც მას ხან უფასოდ უშლიდნენ პატარა სუფრას, ხან კი მასში შეყვარებული მიმტანი როზალინა, ნახატებში უცვლიდა სადილს, ხოლო ნახატებს კი ბუხარში შეშის ნაცვლად წვავდა... რა არის ცხოვრება... სანამ მოდილიანი ცოცხალი იყო, მის ნამუშევრებს წარმატება წილად არ ხვდა... როგორც კი გარდაიცვალა, მეორე დღესვე ცნობილი გახდა... ამბობენ, ერთერთი პარიზული გალერეის მფლობელი საავადმყოფოსთან იცდიდა, რათა მისი სიკვდილის შემდეგ დაეწყო მისი სურათების გაყიდვა... შარშან კი, 2015 წელს, მოდილიანის „დაწოლილი შიშველი ქალი", სოტბის აუქციონზე 170,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა...


 

ჟანა ებიუტერნი

 

1917 წელს მოდიმ გაიცნო კალაროსის სამხატვრო აკადემიის 19 წლის სტუდენტი - ჟანა ებიუტერნი... მათ შორის რაღაცა ნაპერწკალმა გაიელვა, რაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება (თუ საერთოდ ხდება ხოლმე)... ჟანას მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი ერთად დასახლდნენ, მალე ქალიშვილიც გაუჩნდათ... ჟანა გახდა მოდისთვის არა მხოლოდ მოდელი და საყვარელი ქალი... ის ითმენდა მის მძიმე სახიათს,  მის სიახლოვეს ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან...  გვერდში ედგა  ხშირი ავადმყოფობის დროს, ცხოვრობდა და სუნთქავდა მისით და მისთვის...


როდესაც 1920 წლის 24 იანვარს, მოდილიანი ჭლექით გარდაიცვალა,  ჟანამ ვერ  გადაიტანა უმისოდ ყოფნა და პარიზის ბეღურასავით ფანჯრიდან გადმოფრინდა...


მოდით, ეს ისტორია აქ შევწყვიტოთ... რადგანაც მინდა გვჯეროდეს, რომ მოდიმ სინამდვილეში მოასწრო მისი დაჭერა... რადგანაც როდესაც ასეთი სიყვარულია... ყველაფერია შესაძლებელი... სასწაულიც კი...


გისურვებთ ძალიან ლამაზ და ბედნიერ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 


 

წყარო : wyaro
არქივი