geo_flag eng_flag rus_flag

„შოკოლადში ამოვლებული... გემრიელი ორშაბათი...“
- +

11 ივლისი. 2016. 10:40

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!


დღეს, ორშაბათს, მინდა გვერდზე გადავდოთ დილის გამამხნევებელი  ვარჯიშები, მე რომ გასწავლეთ ადრე, რადგანაც ამჯერად არ დაგჭირდებათ და ტყუილად რატომ გაწვალოთ...  არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ჩაი, ყავა და  მაგალითად, ... ვისკი, რადგან ესეც სრულიად ზედმეტი იქნება... მითუმეტეს, რომ ჩვენი აივნის კიბეზე ძალიან მსუბუქად და სწრაფად უნდა ამოკუსკუსდეთ ან ამოფრინდეთ, რადგანაც... ყველაფერი ირგვლივ ისეთი ტკბილია, რომ შეიძლება ფეხი  საფეხურზე, ან ხელი მოაჯირზე მიგეწებოთ და მეტად ეფექტურ  პოზაში გაშეშდეთ,  ჩემს ჩასახუტებლად რომ გამოიწევით...


საქმე კი იმაშია, რომ დღეს, 11 ივლისს,  შოკოლადის მსოფლიო დღეა (World Chocolate Day), რომლის აღნიშვნაც 1995 წლიდან დაიწყეს...

 

 

აცტეკური ლეგენდის მიხედვით, კაკაო, ანუ შოკოლადის მასალა, დედამიწაზე ღმერთმა კეტცალკოატლმა ჩამოაბრძანა, მაგრამ ადამინებისადმი ზედმეტი კეთილგანწყობის გამო, ის ღმერთების სასუფევლიდან გააბრძანეს და ამაყად წავიდა კიდეც... თუმცა დაიბარა, რომ როდისმე დაბრუნდება დედამიწის გასათავისუფლებლად და იქნება თეთრკანიანი და წვერებიანი... სავარაუდოდ, ეს ლეგენდა გარკვეულ ეტაპზე ფართოდ იყო გავრცელებული  კომუნისტებს შორის და ამიტომაც ჰყავდათ ამდენი წვერებიანი ბელადი (მაგალითად, ლენინი, მარქსი, ენგელსი, ფიდელ კასტრო და ა.შ.)


სხვათაშორის, სიტყვა „შოკოლადი" აცტეკურ ენაზე ნიშნავს „მწარე წყალს", რადგანაც თავიდან შოკოლადს ამზადებდნენ კაკაოს მარცვლების, წყლისა და წიწაკისგან და მხოლოდ მოგვიანებით, უკვე ევროპაში დაიწყეს მასში შაქრის დამატება და რატომღაც, გაცხელებაც გადაწყვიტეს (ალბათ, შაქარი ცივ წყალში კარგად ვერ გაიხსნა)...


შოკოლადის ყველაზე დიდ მოყვარულად ითვლება აცტეკების იმპერატორი მონტესუმა II...  არსებული ჩანაწერებით, ის დღეში 50 ჭიქა შოკოლადს მიირთმევდა...  ცხელი შოკოლადი საფრანგეთის დედოფალი მარია-ანტუანეტას საყვარელი სასმელიც იყო... მას ცნობილი მადამ დე პომპადურიც ყვარობდა... მარკიზ დე სადი და კაზანოვაც არასდროს ამბობდნენ უარს პატარა ფინჯან შოკოლადზე... თუმცა, ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან შოკოლადი შეიცავს ფენამინს, ანუ ნივთიერებას, რომელიც „სიყვარულის შეგრძნების" მომტანია... ამასთანავე,  მასში შემავალი თეომბრომინი (კოფეინის უფრო რბილი მოქმედების ანალოგი),  ახდენს სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემების სტიმულირებას, რაც სულიერ წონასწორობასა და ბედნიერებას იწვევს... ისე კი, ერთი რამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს - შოკოლადი, მცირე რაოდენობითაც რომ მიიღოთ და სისტემატურად, სამწუხაროდ, ასუქებს... სწორედ ამიტომ, გვიხდება ერთგვარი არჩევანის გაკეთება  „სტრესსა" და  „პრესს" შორის... თუმცა, მსოფლიოში სულ უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭს ე.წ. „შოკოლადის დიეტა", მაგრამ დამიჯერეთ, ამ დიეტის დროს დაშვებული „შოკოლადი"  იმდენად მწარე და უგემურია, რომ ისევ „კეფირისა" და „წიწიბურას" დიეტა გერჩივნოთ...


შოკოლადს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახით მიირთმევენ... მაგალითად, შვეიცარიაში მას თხის რძისგან გაკეთებულ, სპეციფიკური გემოს ყველს აყოლებენ, საფრანგეთში ფორთოხალს, ბელგიაში - პომიდორებს, ამერიკაში - შებოლილ ბეკონს, იაპონიაში ვასაბის, უკრაინაში კი გამოდის 30 გრამიანი „ბატონჩიკების" ფორმის კამფეტები  „სალო შოკოლადში"...ხოლო ჩემს ერთი ახლო მეგობარს კი შოკოლადი იმდენად უყვარს, რომ მას ისევ შოკოლადს აყოლებს...


მე კი დღეს, როგორც ნამდვილ გურმანებს, შემოგთავაზებთ 2 განსაკუთრებული სახის, მსოფლიოში ყველაზე გემრიელ შოკოლადს. ესაა  კონექტიკუტის შტატში კომპანია Chocopologie by Knipshildt-ის მიერ დამზადებული შოკოლადის კამფეტები, რომლებსაც ინგლისის დედოფალ ელისაბედ II-ს ჩუქნიან ხოლმე (თუ კარგად მოიქცევა, რადგანაც ამ პროდუქტის 453 გრამის ღირებულება 2600 აშშ დოლარს შეადგენს) და ტეხასური კომპანია  Noka Vintages Collection--ის ნაწარმს (რომელიც სულ რაღაც 854 დოლარად არის შეფასებული)... შოკოლადს კი, როგორც ეს დეგუსტაციის დროს ხდება, უნდა მიაყოლოთ უშაქრო, საშუალო სიმაგრის და მაღალი ხარისხის ჩაი...

 

 

სანამ თქვენ შოკოლადს და ჩაის მიირთმევთ, მე, იმის გათვალსიწინებით, რომ ტკბილი არ მიყვარს და ყველა შოკოლადს მწარე, მამა-პაპური  წიწაკა მირჩევნია,  დროს არ დავკარგავ და გაგიზიარებთ ახალზელანდიელი ფსიქოთერაპევტის, მიურეი ლანგამის მიერ გამომუშავებულ თეორიას, რომლის მიხედვით, შეიძლება შოკოლადით ადამიანის ხასიათის გამოცნობა... კერძოდ კი, რძიანი შოკოლადი თურმე, უყვართ რომანტიკოსებს... ადამიანები, ვინც შოკოლადის დესერტებს ეძალება, ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარულები არიან... კამფეტების მოტრფიალეები - მეტად მოუთმენელი ხალხია, ხოლო ისინი, ვინც უპირატესობას მწარე შოკოლადს ანიჭებს, მკვეთრად გამოკვეთილი, ინდივიდუმები არიან, საკმაოდ რთული და პრეტენზიული ხასიათით...


ბოლოს კი მინდა ერთი „შოკოლადური" საიდუმლო გაგიმხილოთ - თურმე აშშ-ში ვერ შეიძენთ ვერც ერთ ცალ „კინდერ-სიურპრიზს"...  მიზეზი კი ერთია: ამერიკაში მოქმედი კანონის მიხედვით, საჭმელში ჭამისათვის უვარგისი საგნების ჩადება, სასტიკად აკრძალულია და მკაცრადაც ისჯება!!!


როგორ ვნანობ ხოლმე, თბილისის მაღაზიებში ანდრიასთან ერთად შესვლის დროს, ეს კანონი ჩვენთანაც რომ არ მოქმედებს...


გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და გემრიელ ორშაბათს!


ლელა ანჯაფარიძე


 

წყარო : wyaro
არქივი