geo_flag eng_flag rus_flag

სამი კაცი... სამი გული... და ერთი დიდი ნეაპოლიტანური მზე...
- +

7 ივლისი. 2016. 11:00

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა, რომლის მოლოდინში ღამე თითქმის არ მძინებია, რადგანაც წინასწარ მიხაროდა, რომ პატარა სიხარულს მოგანიჭებდით... იმედია, რომ  ჩვენს სტუმართმოყვარე, ბრძენსა და მყუდრო აივანს არ ეწყინება, თუ ცოტა ხნით მივატოვებთ და გავემგზავრებით დიდებულ რომში, კარაკალების თერმებში (ძველი აბანოების უბანში) სადაც ზუსტად ამ დღეს, 1990 წლის 7 ივლისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის წინ, ჩატარდა ცნობილი „სამი ტენორის" (The Three Tenor) ან როგორც მას ეძახდნენ, „დიდი ტრიოს" პირველი კონცერტი... სადღესასწაულოდ მორთულ და განათებულ სცენაზე, რომის, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე ღრმა და ლურჯი ცის ქვეშ, გამოდიოდნენ იტალიელი ლუჩანო პავაროტი და ესპანელი ტენორები პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი, ფლორენციული და რომის ოპერის თეატრის ორკესტრების თანხლებით... პულტთან კი იდგა მსოფლიოში ერთერთი უბრწყინვალესი დირიჟორი, ინდოელი ზუბინ მეთა...

თავად პლაჩიდო იხსენებს: „... იდგა წყნარი და გრილი საღამო...კარაკალას თერმები განსაკუთრებულად მშვენიერი იყო, იუპიტერების სხივებში უფრო მკვეთრად ჩანდა არქიტექტურის დეტალები... ყველანი ვნერვიულობდით, რადგანაც რეპეტიციებიც არ იყო საკმარისი, რეპერტუარიც საკმაოდ რთული იყო და საერთოდ, 3 ტენორისთვის არაფერი დაწერილა აქამდე... ეს საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი იყო, მაგრამ როდესაც კარერასმა, სიმღერის დროს, ცაში თვითმფრინავი დაინახა და მისთვის ჩვეული ბავშვური გულწრფელობით, კოცნა გაუგზავნა, დაძაბულობა მოიხსნა და ყველა და ყველაფერი ირგვლივ გამხიარულდა და გახალისდა... ჩვენ ვმღეროდით ისეთი სიამოვნებით, როგორც არასდროს და ეს  განცდა მაყურებელსაც გადაედო... კონცერტის ბოლოს კი, ცნობილი და სამივესთვის ყველაზე საყვარელი ნეოპოლიტანური სიმღერის «O sole mio» («ჩემო მზეო") შესრულების დროს, მე ვიხუმრე და ბოლო ფრაზა «O s-o-o-o-le» განგებ დიდხანს კომიკურად გავაგრძელე... დომინგო და კარერასი არ დაიბნენ და იქვე გამცინეს...დასრულდა ყველაფერი იმით, რომ მაყურებელი, რომელთა შორის ძალიან ცნობილი და დახვეწილი ხალხი იყო და თავად ესპანეთის დედოფალი და მეფეც კი სკამებზე ავიდნენ"...

მთავარი კი ამ მოგონებებში არის პავაროტის ბოლო ფრაზა: „ ჩვენ ამოვისუნთქეთ შვებით, რადგანაც თვითონაც მივხდით და სხვამაც დაინახა, რომ კარერასი ნამდვილად და საბოლოოდ დაუბრუნდა არა მხოლოდ ცხოვრებას, არამედ სცენასაც"...

და აქ კი იწყება ის ისტორია, რომელიც უფრო დიდია და უფრო მდიდარი ვიდრე მუსიკალური ნიჭი, წარმატებები და ჰონორარები... ეს არის კაცობისა და ურთიერთობების ისტორია...


 

ყველამ, ვინც ცოტათი ერკვევა ესპანეთის ყოფა-ცხოვრებაში, იცის, თუ რა პაექრობა არსებობს კატალონიასა და მადრიდს შორის, თანაც არა მხოლოდ ფეხბურთის („რეალი" და „ბარსელონა") არამედ ყველა დანარჩენ სფეროშიც. პლასიდო დომინგო - წარმოშობით მადრიდელია, ხოლო ხოსე კარერასი - კატალონიიდან გახლავთ.  გარკვეული, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიტიკური მიზეზების გამო, ისინი ემტერებოდნენ ერთმანეთს, რაც რა თქმა უნდა შემოქმედებაშიდაც აისახებოდა. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს ორივე მომღერლის კონტრაქტებში იყო მითითებული, რომ არც ერთი მათგანი მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამართულ კონცერტში, თუ იმ კონცერტზე მაყურებლის როლშიც კი იქნებოდა მოპატიჟებული მეორე მათგანი... 

1987 წელს კი კარერასს  საშინელი დიაგნოზი დაუსვეს... ლეიკემია... მან გაიარა მკურნალობის რამდენიმე უმძიმესი და საოცრად ძვირადღირებული კურსი... თვეში ერთხელ მაინც აშშ-ში  ჭირდებოდა გადაფრენა... რა თქმა უნდა, მუშაობაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო და გარკვეული ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდა...  სწორედ მაშინ მან გაიგო, რომ მადრიდში შეიქმნა ფონდი „ჰერმოზი", რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარებოდა... კარერასმა მიმართა ფონდს და სწორედ ამ ფონდის მხარდაჭერით მან  დაავადებასაც სძლია და სცენაზე გამოსვლებიც დაიწყო. მადლიერების ნიშნად, ხოსემ ისურვა საკუთარი წვლილი შეეტანა ფონდის განვითარებაში და მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ ფონდის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი დამფინანსებელი იყო... პლაჩიდო დომინგო... და რომ ეს ფონდი თავიდანვე სპეციალურად კარერასისთვის შეიქმნა. დომინგომ კი ანონიმურობა შეინარჩუნა, რადგანაც იცოდა, რომ თავმოყვარე კატალონიელი არასდროს თხოვდა დახმარებას მადრიდელ „მტერს"... 

სხვათაშორის, კარერასმა მაინც „გადაუხადა სამაგიერო" პლაჩიდოს... ერთ-ერთ თავის კონცერტზე,  რომელსაც დომინგო უკანა რიგიდან უსმენდა, კარერასმა სრულიად მოულოდნელად შეწყვიტა გამოსვლა, მივიდა მასთან, დაუჩოქა და სავსე დარბაზის წინ ბოდიშიც მოუხადა და მადლობაც გადაუხადა გადარჩენისთვის... ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ეს გახდა ორი დიდი ტენორის და დიდი ადამიანის შესანიშნავი მეგობრობის დასაწყისი... პავაროტი კი... ეს უზარმაზარი გულის ადამინი ამ გრძნობას კიდევ უფრო ალამაზებდა და აკეთილშობილებდა...

საინტერესოა, რომ პავაროტის აზრით, „დიდი ტრიოს" „მთავარი ტენორი" იყო ხოსე... კარერასი თვლიდა, რომ დომინირებდა დომინგო, ხოლო დომინგოს ერთი წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ პავაროტი რომ არა...

ერთხელ, თურმე, ვიღაც ჟურნალისტმა ხუმრობით მათი ტრიო სამთავიან, მაგრამ კეთილ გველეშაპს შეადარა, რაზეც პავაროტიმ იხუმრა „კიდევ კარგი მე მაინც მაქვს სოლიდური კომპლექცია, თორემ ჩვენს გველეშაპს  პლაჩიდოს, ან მითუმეტეს ხოსეს ტანი რომ გამოყოლოდა,  ორ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდითო"...

პავაროტი ცნობილი გურმანი იყო და ხშირად ხუმრობდა ამ თემასთან დაკავშირებით. თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც 1981 წელს გამოქვეყნდა,  მან „სერიოზულად" ჩაწერა: „ცხოვრებაში ყველაზე მეტად მომხიბვლელია ის, რომ რეგულარულად გვიწევს ნებისმიერი საქმის შეწყვეტა, იმისთვის, რომ... ყურადღება დავუთმოთ საჭმელს"...

„დიდმა ტრიომ" თავისი არსებობის 11 წლის განმავლობაში 35 კონცერტი ჩაატარა... თითოეული მათი გამოსვლა იყო დღესასწაული და ბედნიერება... ისინი მაყურებელს ჩუქნიდნენ თავის ნიჭს და მაღალ  ხელოვნებას და რაღა თქმა უნდა, დიდ ნეაპოლიტანურ მზეს, რომელიც, სხვათაშორის, იტალიურ ენაში მამრობითი სქესისაა  და «O sole mio» ითარგმნება როგორც „ჩემო მზეო", წინ ყოველგვარი  ო-ს გარეშე, რომელსაც ამ შემთხვევაში მხოლოდ არტიკლის დატვირთვა გააჩნია...

აბა,  მზე ხომ ისედაც მზეა და წინ „ო" რაღაში ჭირდება...

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ძალიან მზიან დღეს!


 

წყარო : wyaro
არქივი