geo_flag eng_flag rus_flag

მინდა გაკოცო, მაკოცო... ანუ ჯადოსნური კოქტეილის რეცეპტი...
- +

6 ივლისი. 2016. 11:13


 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს გაემზადეთ  იმისთვის (და მერე არ მითხრათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ), რომ ჩვენს აივანზე  დახვედრისას, სათითაოდ ყველას გადაგკოცნით, რაღა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და მოწიწებით...

თქვენ ბევრნი ბრძანდებით და მე კიდევ ერთი, ამიტომ, როცა ძალიან დავიღლები...  ესკიმოსივით ცხვირს ცხვირზე მოგადებთ... მერე, სავარაუდოდ,  ახალ ზელანდიაში მცხოვრები მაორის ტომის წარმომადგენელივით,  შუბლით შუბლზე მოგეყრდნობით (ასეთ კოცნას ქვია „ჰონგი")... შემდეგ  ბირმელივით, ღრმად შევისუნთქავ ჰაერს თქვენს ირგვლივ და ბოლოს... საერთაშორისო საჰაერო კოცნებს დაგირიგებთ...

ბუნებრივია, შეკითხვა დაგებადებათ... რატომ დაგხვდით დღეს შეუპოვარი განზრახვით -  „არ გაკოცო არ იქნება"...

მინდა გითხრათ, რომ ამის სერიოზული და საპატიო მიზეზი არსებობს...

სწორედ დღეს, 6 ივლისს არის კოცნის საერთაშორისო დღე (World Kissing Day), რომელიც, სხვათა შორის, ვინმე შეყვარებულმა მამაკაცმა კი არ გამოიგონა, სიყვარულის ობიექტისათვის რომ ამბორის საბაბი და მიზეზი მისცემოდა, არამედ გაერომ დაარსა  სრულიად ოფიციალურად,  თანაც,  20 წლის წინ...

კოცნას სასწაულების გაკეთება შეუძლია... ურჩხულს ლამაზ უფლისწულად აქცევს... მძინარე მზეთუნახავს  კი აღვიძებს და ათხოვებს კიდევაც...

კოცნაზე უამრავი ლექსი და სიმღერაა შექმნილი... ძალიან მომწონს მისი იაპონური ტანკასეული განმარტება - „კოცნა არის ღრუბლებიდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთის ლოყაზე დაშვება"... ცნობილი რუსი პოეტი ოსიპ მანდელშტამი  კოცნას პატარა ფუტკრის გადაფრენას ადარებდა... შექსპირი კი სიყვარულის ბეჭედს უწოდებდა....  დიდმა რუსთაველმა უგვანო, ანუ უგულო  კოცნისთვის, სულიერი კოცნისგან განსასხვავებლად,  სპეციალური ტერმინიც კი დაგვიტოვა: „მტლაშა-მტლუში"... სანამ პოეტები ლამაზ შედარებებს ეძებდნენ და ღრუბლებში დაფრინავდნენ, პრაქტიკულმა ადამიანებმა შექმნეს სპეციალური მეცნიერება, რომელიც კოცნას შეისწავლის და მას სახელად ფილემატოლოგია დაარქვეს... ხოდა ფილემატოლოგების მტკიცებით, კოცნა აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის... თანაც, სასიყვარულო კოცნაზე მეტი თუ არა, ნაკლები არ გახლავთ მშობლებისა და შვილების, მეგობრების, ნათესავების კოცნაც... ეს სავარაუდოდ  ძველ რომშიც იცოდნენ, რადგანაც იქ კოცნიდნენ არა მხოლოდ ახლობლებსა და ნაცნობებს, არამედ  შემთხვევით გამვლელებსაც...  ძველ ბაბილონში კი, როგორც ჩანს არ ქონდათ ეს ინფორმაცია და ამიტომაც ქალებს (რატომ მაინც და მაინც ქალებს ჯერჯერობით ვერ გავარკვიე), ვისაც კოცნის პროცესში შეუსწრებდნენ, ყურს ჭრიდნენ და დადიოდნენ საცოდავი ბაბილონელი ქალები ყურმოჭრილი მონებივით...


"რომეო და ჯულიეტა" - კოცნა

ჩვენი, დღეიდან უკვე ნაცნობი ფილემატოლოგების კვლევებით დადგინდა, რომ კოცნის დროს, ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ე.წ. „სიხარულის ჰორმონები" - ენდორფინები და ოქსიტოცინი, რომლებიც ადამიანს ხდის უფრო კეთილმსურველად განწყობილს, უმატებს ოპტიმიზმსა და იცავს სტრესებისგან. სულ უბრალო, ფორმალური კოცნის დროსაც კი იწყება სახის კუნთების მუშაობა, ეს კი სახის კანს აახალგაზრდავებს...  ამავე დროს, კოცნის დროს იკარგება კალორიები და ვისაც გახდომა სურს, აუტანელი დიეტები და დამღლელი ფიზიკური ვარჯიშები  დრო და დრო კოცნით შეგიძლიათ შეანაცვლოთ...  და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია - თურმე, ქმრებს, რომლებიც სისტემატურად კოცნიან თავის მეუღლეებს სამსახურში წასვლის წინ, უფრო წარმატებულად მისდით საქმეები ბიზნესში... ხოლო ცოლები კი, ვინც დღეში 8-ჯერ კოცნიან თავის ქმრებს (არც 7-ჯერ და არც 9-ჯერ... ეს პრინციპულია), ორჯერ უფრო მეტად არიან დაცულები მეუღლეების ღალატისგან...

სხვათაშორის, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შემოგთავაზოთ ღალატის საწინააღმდეგო ბოსტნეულის კოქტეილის უებარი რეცეპტი, რომელსაც ქვია „მინდა გაკოცო, მაკოცო"...ან მოკლედ.  „კოცნა"

კოქტეილის გაკეთებამდე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა აიღოთ 1 წიწაკა „ჩილი", აუცილებლად წითელი, გააკეთოთ მასზე მჭრელი დანით 5-6 ჭრილი, წიწაკის ფეხთან 1 სმ-მდე არ მისული და 30 წუთით ჩააგდოთ ყინულიან წყალში, სანამ წიწაკა  ყვავილივით გადაიშლება...

ახლა კი  ბლენდერში ურევთ 1 ცალ პომიდორს, 1 ცალ ფორთოხალს, რამდენიმე ღერო მწვანე ხახვს,  2 ჩაის კოვზ ლაიმს ან ლიმონს, და უმატებთ ცოტა მარილს. ათქვეფის შემდეგ, ასხამთ მაღალ ბოკალში, უმატებთ ყინულს და, რაც მთავარია, წიწაკის „ყვაილს"...  კოქტეილის მირთმევა კი...  ბუნებრივია,  რომ ორმხრივი კოცნის თანხლებით ხდება... წიწაკა კი აუცილებლად უნდა შეიჭამოს...

ეჰ, რამდენი ტრაგედია არ მოხდებოდა ამქვეყნად, ეს რეცეპტი ადრე რომ სცოდნოდათ...

ბოლოს კი ერთი რამე უნდა გითხრათ, დამაფიქრებელი... გაიხსენეთ ინდური ფილმები... იქ სასიყვარულო სცენების დროს, კოცნა არ არის... არის მხოლოდ ცეკვა... რადგანაც ინდოეთში, რომელიც სხვათაშორის „კამასუტრას" სამშობლოა,  სამიჯნურო კოცნა, სახალხოდ და საქვეყნოდ,   მიღებული არ არის... რადგან მას ამით ფასი და პეწი ეკარგება...

ხომ გახსოვთ, სიყვარულსა მალვა უნდაო...

გისურვებთ ძალიან ლამაზ და ბედნიერ დღეს! 

 

წყარო : wyaro
არქივი