geo_flag eng_flag rus_flag

ჭიჭიკია იური გაგარინის წინააღმდეგ...
- +

4 ივლისი. 2016. 11:00


ძალიან დილა მშვიდობისა!


დღეს, გამონაკლისის სახით, ყოველგვარი უვერტიურებისა და ეპიგრაფის გარეშე, პირდაპირ გადაგიყვანთ „ინდუსტრიის მშენებელ" ქალაქ-ქუთაისში, რომელიც საოცრად მიყვარს, სხვანაირი სითბოს, სიტკბოსა და იუმორის გამო...


მაშ ასე...


ჩადის ქუთაისში ჯინა ლოლობრიჯიდა და სასტუმროში მიადგა ჭიჭიკია, თან იმერული პურმარილი მიუტანა და თან  ბრილიანტის კოლიე  მოაყოლა...


გაგიჟდა კინაღამ ჯინა...


ჭიჭიკიამ უთხრა: არაფერი გეგონოს სხვაო, ვიცი, „იმნაირი ქალი" რომ არა ხარო და ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდო... ხვალ ქუთაისის ცენტრში,  ოპერის წინ ბიჭებთან რომ ვიდგებიო, მანქანით რომ ჩაივლიო... ხელი დამიქნიე და მომიკითხეო...


დათანმხდა ჯინა...


მეორე დილაა... ჭიჭიკია დგას ბიჭებთან ბირჟაზე... ჩერდება ჯინას მერსედესი, ფანჯარას აღებს, ხელს უქნევს და


„გამარჯობა, ჭიჭიკიაო!"


ჭიჭიკიამ ერთი გახედა და ზურგი შეაქცია:


- „აუ, ეს ქალი ხომ ვერ მოვიშორეო!"... და გააგრძელა  ქუთაისელ  ძმაკაცებთან საუბარი...


ალბათ, ყველას გაგახსენდათ, ეს ძველი, როგორც იტყვიან ხოლმე, „წვერებიანი" ანეკდოტი... თანაც, მახსოვს, მას ხან ჯინაზე ყვებოდნენ და ხან სოფი ლორენზე...  მე მგონი, მაგას დიდი მნიშვნელობა არა აქვს... ჩავთვალოთ, რომ ორივე იყო ჩასული ქუთაისში...


დღეს კი, ჩვენი აივნის სტუმარია ჭიჭიკიაზე გულნატკენი ორი იტალიელი ქალბატონიდან ერთ-ერთი -  საოცარი, მომხივბლელი და ნიჭიერი ჯინა ლოლობრიჯიდა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1927 წლის 4 ივლისს...


გარდა იმისა, რომ  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინომსახიობი,  ცნობილი ფოტოგრაფი, საკმაოდ კარგი მხატვარი ჯინა ლოლობრიჯიდა გახლავთ  „იტალიური რესპუბლიკის განსაკუთრებული ღვაწლისთვის", „საპატიო ლეგიონისა" და „ხელოვნებისა და ლიტერატურის" ორდენების დიადი კავალერი,   და ჟურნალ „Playboy"-ს გამოკითხვით, მე-20 საუკუნის მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ვარსკვლავების ასეულში  მე-20 ადგილის მფლობელი, მისმა განსაკუთრებულმა მომხიბვლელობამ ფრანგული ენის ლექსიკონში  შეიტანა ახალი სიტყვა: "lollobrigidienne", რომელსაც დახვეწილი ფრანგები იყენებენ მაშინ, როდესაც თვლიან, რომ ქალბატონი ამას იმსახურებს... ასე რომ, ჭიჭიკიას გემოვნება ნამდვილად ჰქონია...


 და არა მარტო ჭიჭიკიას...


ჯინა ლოლობრიჯიდაში შეყვარებულები იყვნენ მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული, წარმატებული  და ლამაზი მამაკაცები, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ  ჯინა არ იყო ის ქალი, რომელთანაც შეიძლებოდა სასიყვარულო ინტრიგის გაბმა... ის  1949 წელს ცოლად გაყვა, თანაც დედის სურვილით,  იუგოსლაველ ექიმს, მილკო სკოფიჩს, 1957 წელს ჯინას გაუჩნდა ერთადერთი ვაჟი, რომელსაც მამის ხათრით, ასევე მილკო დაარქვა... ჯინას ქორწინება გაგრძელდა 19 წლის განმმავლობაში, შემდეგ მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს...  ცოტა ხანში მილკო დაიღუპა ავტოკატასტროფაში... მას მერე ჯინა არ გათხოვილა და მისმა ყველაზე დიდმა არაკეთილმსურველებმაც კი ვერც მოუნახეს ვერავითარი საბაბი ჭორაობისთვის...


მაგრამ, ხომ იცით, ყოველგვარ წესს ერთი გამონაკლისი კიდევ უფრო ამტკიცებს და ჯინაც სულ ერთხელ მიენდო მართალია სრულებით პლატონურ, მაგრამ მაინც გრძნობას...


1961 წლის ივნისში ცნობილი იტალიელი კინომსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა გახლდათ მოსკოვის მეორე საერთაშორისო ფესტივალის სტუმარი... მოკოვში ყოფნის დროს, ის დაუმეგობრდა  კულტურის მინისტრ ეკატერინე ფურცევას და თხოვა მას, მოუწყოს შეხვედრა პირველ კოსმონავტ იური გაგარინთან... ყვებიან, რომ ფურცევასთან მიღების დროს, ჯინა შეყვარებულ მზერას ვერ აცილებდა დარცხვენილ იურის... ხოლო ფოტოკადრი, რომელზეც ჯინა გაგარინს ლოყაზე კოცნის, და რომელიც დაიბეჭდა საბჭოთა კავშირის წამყვანი გაზეთი „პრავდას" წინა გვერდზე, გავრცელდა მთელ მსოფლიოში... სხვათაშორის,  ეს ფოტო შემთხვევით გადაიღო 21 წლის  სტაჟორმა -ფოტოგრაფმა, ბორის კოუფმანმა, რომელიც ხალხმრავლობაში, შემთხვევით აღმოჩნდა ფურცევას სკამის ქვეშ, ფაქტიურად მის ფეხებთან და დროულად მოიმარჯვა კამერა.  საინტერესოა, რომ კაუფმანი დააჯილდოვეს ძალიან თავისებურად: პარტიამ ჩათვალა, რომ ის მოწინავე მშენებლობაზე გაგზავნის ღირსია...


მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის პრესა იგონებდა ლამაზ ისტორიას იმაზე, რომ იურისა და ჯინას შორის საიდუმლო რომანი გაჩაღდა და ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, (როგორც ჩანს ისინი არ იცნობდნენ არც ერთს და არც მეორეს)... სინამდვილეში, როგორც ჯინა ყვებოდა, მათ სულ ერთხელ გაისეირნეს ღამის მოსკოვის  ქუჩებსი და გაგარინმა მას აჩუქა საკუთარი ფოტო, წარწერით: „მე ნანახი მაქვს ბევრი ვარსკვლავი... მაგრამ შენნაირი არა"... ლოლობრიჯიდა არც მალავს იმას, რომ შეყვარებული იყო საოცრად მომხიბვლელ და გულწრფელ გაგარინში, დღემდე ინახავს მის ნაჩუქარ ფოტოს და გულშიც იხუტებს ხოლმე...

გულისტკივილამდე საწყენია, რომ ეს ორი ვარსკვლავი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, მაგრამ... იქნებ ასე ჯობია...  მათ ერთმანეთს ნათებაში ხელი არ შეუშალეს...


დღეს ჯინას 89 წელი შეუსრულდა... ის ისევ არ კარგავს ოპტიმიზმს, თავსაც კარგად გრძნობს, ცხოვრობს ვილაზე... ხატავს და ძერწავს და თვლის, რომ ადამიანს ცხოვრების წლებს საინტერესო საქმე უმატებს.... ვუსურვოთ მას  ჯანმრთელობა და ბედნიერება! სხვათაშორის, ჯინას ბებია იტალიაში ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი იყო და 112 წელი იცხოვრა...


თქვენ კი გისურვებთ ძალიან ლამაზ და წარმატებულ დღეს და ახალი  სამუშაო კვირის დასაწყისს!!!




 

წყარო : wyaro
არქივი