geo_flag eng_flag rus_flag

„დი-დებული ლედი დი“
- +

1 ივლისი. 2016. 12:27



ძალიან დილა მშვიდობისა!


დღეს, მოწიწებით გთხოვთ, სახლში ნურაფერს მიირთმევთ, რადგანაც  გეპატიჟებით ინგლისურ ტრადიციულ საუზმეზე, რომლითაც ბრიტანელები ისევე ამაყობენ, როგორც სამეფო ოჯახით, ინგლისური პაბებითა და დახვეწილი ინგლისური იუმორით...



დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი შეიჭმუხნება... როცა წარმოიდგენს შვრიის ფაფას, რომელიც მეც ისე არ მიყვარს,  რომ უბრალოდ, გვერდს ავუვლი და არც კი შევიმჩნევ მის  წესიერად-სასარგებლო და მოწყენილად-წელვად გამომეტყველებასა და იერსახეს... მითუმეტეს, რომ ის საუზმის „აუცილებელ პროგრამაში", როგორც წესი, მხოლოდ შოტლანდიაში შედის, ანუ საკუთარი დაბადების ადგილას...



თქვენ კი შემოგთავაზებთ დიდ პრიალა თეფშზე გაწყობილ, შემწვარ სოსისს, ბეკონის თხელ ნათალებს, ერბოკვერცხს, ქამა სოკოს, ცოტა წითელ ლობიოს, კეტჩუპსა და ოქროსფერ ხრაჭუნა ტოსტებს... რომლებსაც, რაღა თქმა უნდა, დავაყოლებთ ფორთოხლის წვენს ან რძიან ჩაის...



მაგრამ მთავარი, საფირმო კერძი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ჩვენს დღევანდელ სტუმარს, გახლავთ შოკოლადის მუსი და ქიშმიშიანი პუდინგი... არა და, ქალბატონი, რომლის მოსვლასაც ასე ველი, ყველაფრით ნამდვილი ლედია... წარმოშობიდან დაწყებული... ჩაცმულობისა და ცხოვრების სტილით დამთავრებული...  BBC-ს მიერ 2012 წელს ჩატარებული გამოკითხვის  მიხედვით, ის შედის დიდი ბრიტანეთის ყველა დროის  უდიდესი ადამიანების პირველ 5-ეულში, უინსტონ ჩერჩილთან, ისააკ ნიუტონთან,  უილიამ შექსპირთან და ჯონ ლენონთან ერთად... მას ბრიტანეთში „გულების დედოფალს" ეძახდნენ... თავად კი ერთხელ წამოცდა: „მე ვისურვებდი გავმხდარვიყავი თქვენი გულების დედოფალი, მაგრამ ამ სახელმწიფოს დედოფლად თავი ვერ წარმომიდგენია"...



დიახ, ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი გახლავთ დიდებული, მშვენიერი, განუმეორებელი და ამავე დროს,  ყვავილივით დაუცველი პრინცესა დიანა, ლედი დი, როგორც მას მთელ მსოფლიოში იცნობდნენ... და რომელიც დაიბადა ზუსტად  ამ დღეს, 1961 წლის 1 ივლისს...



 უნდა გამოგიტყდეთ, როგორი მოხიბლული ვიყავი მისით  და როგორ ვბაძავდი... მისი ხათრით თმებს ვიჭრიდი და ვიღებავდი, ვხდებოდი... ერთხელ წონაში ვაჯობე კიდევაც, მაგრამ სიმაღლეში 2 სანტიმეტრის სხვაობა ვერაფრით ვერ დავფარე... სამაგიეროდ, ცხვირის კეხით ვგავდი და ფეხის ზომით... (ამ უკანასკნელზე არ მკითხოთ, მაინც არ გაგიმხელთ)...



თავად დიანა მისთვის ჩვეული იუმორით აფასებდა საკუთარ თავს... ის ყვებოდა, რომ ბავშვობიდან უნდოდა ბალერინა გამხდარიყო, მაგრამ ყოველთვის იყო და დღემდე რჩებოდა  „მაღალი და ფიცარივით მსუქანი"... და რომ ის ცეკვის დროს სპილოს გავს  და ამიტომაც  ზედაც არავინ უყურებს...  განსაკუთრებით მომწონს გამოთქმა  „ფიცარივით მსუქანი"... მომწონს და მესმის... რადგანაც არიან ქალები, რომელთა აღნაგობაც, რა გამხდარიც არ უნდა იყვნენ,  გამორიცხავს მათ ფოთლისებურ „სითხელეს", რითაც, მაგალითად, ოდრი ჰეპბერნი გამოირჩეოდა...




„გულების დედოფალი"




ეს, რაღა თქმა უნდა, ხუმრობით, ისიც მხოლოდ სევდის დასაფარად, თორემ ლედი დი იყო საოცრად მომხიბვლელი ქალბატონი, რომელიც თავისი დახვეწილობით, ჩაცმულობით, მიხვრა-მოხვრით, საოცრად თბილი აურით და ღირსებით მართლაც ნამდვილი პრინცესა იყო... რაც შეეხება მის ცეკვას, მე სავსებით ვენდობი ჯონ ტრავოლტას გემოვნებას, რომელმაც თეთრ სახლში ლედი დი  საცეკვაოდ გაიწვია... შემდეგ კი განაცხადა, რომ „დიანა იმდენად ლამაზი, გრაციოზული  და  გულწრფელი იყო, რომ  მე მის გვერდით  მშვენიერ პრინცად ვგრძნობდი თავსო"...



სხვათაშორის, ბევრმა არ იცის, რომ  თავის დროზე, როცა გადაწყდა ცნობილი ფილმის „პირადი მცველის" („THE BODYGUARD") გაგრძელების გადაღება, მასში მთავარი როლის შესრულება ლედი დის შესთვაზეს. კევინ კოსტნერი, რომელსაც მისთვის პარტნიორობა უნდა გაეწია,  იხსენებს, რომ 1997 წელს ის ფილმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე შეხვდა დიანას და ისე მოიხიბლა, რომ დაპირდა, რომ ფილმში მასაც ისევე გაუფრთხილდებოდა, როგორც უიტნი ჰიუსტონს... და კიდევ უფრო მეტადაც...



დიანა სპენსერის ბევრი თაყვანისმცემლის აზრით, მისი შესვლა ინგლისის სამეფო ოჯახში მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა... რადგანაც ის ვერ შეეგუა მონარქიულ ადათ-წესებს, ცხოვრების დალაგებულ წყობას, თავად დედოფლის ხასიათს... მას თავისუფლება და გაქანება აკლდა... არ ვიცი, შესაძლოა, ელისაბედ დედოფალი მართლაც „დამნაშავეა" იმაში, რომ სერიოზული ზეწოლა მოახდინა საკუთარ შვილზე და დააჩქარა მის მიერ დიანა სპენსერის ცოლად მოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება...  მან ხომ ყვლაზე უკეთესად იცოდა, ვინ უყვარდა მის შვილს სინამდვილეში...  მაგრამ თავად დიანა, რომელმაც პრინცი ჩარლზი 16 წლის ასაკში,  მელიებზე ნადირობის დროს გაიცნო, მთელი თავისი არსებით იყო შეყვარებული მასში და ყოველთვის იხსენებდა 1981 წლის თებერვლის საღამოს, როდესაც ბეკინგემის სასახლეში, რომანტიკული ვახშამის დროს, ჩარლზმა როგორც იქნა დაუსვა შეკითხვა, რომელსაც ის ელოდა  და დიანამაც თანხმობა მისცა...



მოგვიანებით, მეუღლესთან დაცილების შემდეგ, რომელსაც დიანა გულწრფელად განიცდიდა,  ის  იტყვის: „მე ძალიან მიყვარდა ჩარლზი და ვთვლიდი, რომ მე და ის ერთი გუნდი ვიყავით. ჩვენ ორივემ დავუშვით შეცდომა... მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე მთელ პასუხისმგებლობას... მხოლოდ ნახევარზე ვარ თანახმა"...



იმაზე, თუ როგორი დედა იყო დიანა, ნამდვილი ლეგენდები დადის... მისი პირადი მზარეული ყვებოდა, რომ ის იმდენად აღმერთებდა თვის ბიჭებს, რომ საერთოდ ვერ ავლენდა მათ მიმართ ვერანაირ სიმკაცრეს... ხშირად, სხვას რომ არ ენახა, ისე ანებივრებდა, რის გამოც სულ   კამათობდა ოჯახის დანარჩენ წევრებთან.



ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში, დიანამ თქვა: „უილიამი და გარი ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცები არიან, ვისაც ჩემთვის არ უღალატიათ"...



თუმცა, ბოლო პერიოდში დიანას გვერდით გამოჩნდა მამაკაცი, რომელთანაც მან თავი ბედნიერად იგრძნო...  არა დედოფლად... არამედ ქალად, რომელიც უყვართ... ეს იყო  პროდიუსერი - დოდი ალ-ფაიედი...



სამწუხაროდ, მათი რომანი  1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზის სენას სანაპიროს გვირაბში შეწყდა, სადაც მანქანა, რომელშიც ისინი ისხდნენ, კატასტროფაში მოხვდა... დიანა მაშინ  37 წლის იყო...



ბევრი რამე ითქვა და დაიწერა ამ ტრაგედიის შესახებ... არ მაინტერესებს და არც გავიმეორებ... მე მირჩევნია, გულის სიღრმეში დავუჯერეო იმ ერთ ვერსიას, რომელმაც ასევე გაიჟღერა... ამ ვერსიის მიხედვით, ეს ავარია ინსცენირებული იყო და დიანა და დოდი დღესაც  ძალიან შორეულ და მშვენიერ კუნძულზე იმყოფებიან, რომელსაც პრინცესა დი კიდევ უფრო ალამაზებს და ის აუცილებლად დაბრუნდება... მე მჯერა... თქვენ კი საკუთარი არჩევანი თავად გააკეთეთ...



გისურვებთ ძალიან ლამაზ და წარმატებულ დღეს!




ავტორი: ლელა ანჯაფარიძე


 

წყარო : wyaro
არქივი