geo_flag eng_flag rus_flag

ხვალ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „EFFE Label 2017-2018 პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება
- +

19 იანვარი. 2017. 17:01



ევროპული ფესტივალების ასოციაცია აცხადებს განაცხადების მიღებას ფესტივალებისთვის 2016-2017 წლის EFFE Label პროგრამისთვის. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება, წელს, პირველად, ქართული ფესტივალების წარმომადგენლებსაც ეძლევათ.


20 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება „EFFE Label 2017-2018 პროგრამის" პრეზენტაცია, რომელსაც ქართული ფესტივალების წარომადგენლები დაესწრებიან. პროგრამის კოორდინატორები - ჰერტ ნესენი და ნაიმა დელაერი, ასევე, ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში - ლევან ხეთაგური მათ გააცნობენ ინფორმაციას, როგორც პროგრამის მნიშვნელობის, ასევე განაცხადების გაგზავნის წესის შესახებ.


EFFE - „ევროპა ფესტივალებისთვის, ფესტივალები ევროპისთვის", ევროპული ფესტივალების ასოციაციის (EFA) ინიციატივაა, რომლის თანადამფინანსებელიც ევროკავშირია. „EFFE Label" - ფესტივალებისთვის ხარისხის განმსაზღვრელი ნიშანია, რომელიც მათ მთელი ევროპის მასშტაბით, საერთაშორისო აღიარებას სთავაზობს. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა  ფესტივალებისთვის, აღიარებულნი იყვნენ კოლეგებისგან და ევროკავშირისგან, მათი გამორჩეული მხატვრული ხარისხისა და საზოგადოების ჩართულობის მხრივ. პროგრამა იწვევს მსახიობებს, რეჟისორებს, მენეჯერებს და მსოფლიო აუდიტორიას იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ევროპის საუკეთესო, ყველაზე შემოქმედებითი ფესტივალები ევროპის მრავალფეროვან საფესტივალო მოგზაურობაში.


განაცხადების შეტანის შესაძლებლობა 2017-2018 EFFE Label პროგრამაზე, ფესტივალებს 2017 წლის 17 თებერვლამდე ეძლევათ. ექსპერტები მთელი ევროპის მასშტაბით შეაფასებენ განაცხადებს და განსაზღვრავენ, არიან თუ არა აღნიშნული ფესტივალები თანხვედრაში სამ ძირითად კრიტერიუმთან - მხატვრული ვალდებულება და ინოვაციური მიდგომები, ჩართულობა ადგილობრივ ორგანიზაციებში/საზოგადოებებში და ევროპული და გლობალური ხედვა. ხარისხის განმსაზღვრელი ნიშნის გარდა, საერთაშორისო ჟიური გასცემს სპეციალურ ჯილდოს მოწინავე, „მიმართულების მიმცემი" ფესტივალებისთვის.


ის ფესტივალები, რომლებიც წარადგენენ განაცხადს, ავტომატურად ხდებიან EFFE-ის მთავარი ჯილდოს პრეტენდენტები (EFFE Award 2017-2018). გამარჯვებულები 2017 წლის მაისში, ფრანკფურტში, EFFE Label-ის შეხვედრის ფარგლებში გამოვლინდებიან.


სარგებელი, რომელსაც გამარჯვებულები მიიღებენ, შემდეგია: მათი საქმიანობის ფართო აღიარება და გაზრდილი ცნობადობა  (ვებ-გვერდი და EFFE პროგრამა), ახალი ქსელური შესაძლებლობები, როგორც პირისპირ კომუნიკაციაში, ასევე ონლაინ და შემდგომში, მათი ჩართულობით, სახელოვნებო ორგანიზაციებში/საზოგადოებებში.


სრული ინფორმაცია EFFE -ის შესახებ და განაცხადის შემოტანის წესზე იხილეთ შემდეგ ბმულზე:  www.effe.eu



 

არქივი