geo_flag eng_flag rus_flag

საერთაშორისო ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“ გრძელდება
- +

8 დეკემბერი. 2016. 19:36



მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - ტექნოპარკი (მის.ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით გრძელდება ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის".


ფორუმის ფარგლებში, 9 დეკემბერს, 09:30 საათზე, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა ანიმაციის ინდუსტრიის განვითარება საქართველოში, კინო საქართველოში, ურბანული კულტურული პროექტები, ტრადიციული რეწვა საქართველოში და სხვა.


ამავე დღეს, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია  აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების  მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის" მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას.


ფორუმის ფარგლებში მოეწყობა ასევე შემეცნებითი ვიზიტი „Fabrika"-ში.


საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის" 8-9 დეკემბერს ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას.


ფორუმის გამართვამდე, 7 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე - „გზამკვლევი შემოქმედებითი საქართველოსთვის: რეკომენდაციები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორისათვის". შეხვედრაზე ექსპერტთა ექვსმა ჯგუფმა წარმოადგინა ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციები ქვესექტორების მიხედვით.


ფორუმის დასრულების შემდეგ კი, 10 დეკემბერს, სტუდენტებისთვის გაიმართება ღონისძიება TeamLAB Georgia 2016. ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, დიზაინის, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა შემოქმედებითი ძალისხმევა და ცოდნა.


ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა; მხარდამჭერები - თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი.


ფორუმში ასევე მონაწილეობენ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური  დირექტორატის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები ევროპიდან, კულტურის პროფესიონალები, განათლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.



ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა მხარს უჭერს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და მათი კონტრიბუციის გაზრდას აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სოციო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განვითარებაში.



www.culturepartnership.eu/

 




 

არქივი