geo_flag eng_flag rus_flag

დავით ნარმანია: პეკინის ქუჩაზე მოძრაობა აბსოლუტურად თავისუფალია
- +

14 ოქტომბერი. 2017. 14:36



თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ საბურთალოს რაიონში პეკინის ქუჩაზე ავტომობილებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესებამ გაამართლა და ქუჩაზე მოძრაობა აბსოლუტურად თავისუფალია.


როგორც „სითი კვირას" დავით ნარმანიამ განუცხადა, ამ დროისთვის პეკინის ქუჩაზე ავტომობილები 2-3 წუთში გადაადგილდებიან, მაშინ, როცა საცობების პირობებში 10-15 წუთს ანდომებდნენ.

 

„პეკინის ქუჩაზე, საავტომობილო ნაკადებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესების შედეგად მოძრაობა არის აბსოლუტურად თავისუფალი. ერთი მხრივ მოწესრიგდა გზის საფარი, მეორე მხრივ შუქნიშნები და  შესაბამისად მოძრაობა ცალმხრივმიმართულებიანი გახდა, ამან გამოიწვია ის, რომ პეკინის ქუჩაზე ავტომობილები 2-3 წუთში გადაადგილდებიან, მაშინ, როცა 10, 15 წუთიც კი იყო საჭირო საცობების პირობებში. ამდენად, ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა", - განაცხადა ნარმანიამ.


მერის განმარტებით, შედეგად მცირედით დაიტვირთა კოსტავას ქუჩა, ხოლო შარტავას ქუჩაზე, წინა პერიოდებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა სატრანსპორტო ნაკადები და გადატვირთულობა არ შეინიშნება.


„ამ ნაწილს ჩვენ ასევე ვაკვირდებით და შუქნიშნების რეგულირება ოდნავ განსხვავებული იქნება, რათა აქაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაგრამ არსებითი შეფერხება არა გვაქვს, პირიქით, გაუმჯობესდა მოძრაობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


აღსანიშნავია, რომ პეკინის ქუჩაზე ავტონაკადებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც, ზაფხულის პერიოდში ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მუნიციპალური ტრანსპორტი ქუჩაზე კვლავ ორი მიმართულებით მოძრაობს, ამისთვის Bus Lane-ები დაიხაზა.


 

წყარო : wyaro
არქივი