geo_flag eng_flag rus_flag

ტექნოპარკში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
- +

7 აგვისტო. 2017. 21:13

 


ტექნოპარკში  თბილისის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს" წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ გააცნო.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს" წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს წარუდგინეს გაწეული სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და  სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესმენების მხრიდან ძირითადი კითხვები  გენერალური გეგმის შემდგომ აღსრულების მექანიზმების შესახებ დაისვა. ასევე, გამოითქვა მოსაზრებები პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიზნესწრეების წარმომადგენლები ყველა მოსაზრებებს და წინადადებებს  მერიას აგვისტოს ბოლომდე წარუდგენენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა იყო დღეს. ბიზნესის მხრიდან იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნება ზედმეტად გამკაცრებული მარეგულირებელი ნორმები. კითხვები დაისვა ასევე მშენებლობის ნაწილში, პარკირების სისტემის განვითარების თემაზე, ასევე ტრანსპორტის საკითხებზე გამოითქვა მოსაზრებები. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, რაც არის შემოთავაზებული გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა უკვე შედგა თბილისის საკრებულოში, არქიტექტორთა კავშირში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში.








არქივი