geo_flag eng_flag rus_flag

ვინ არის ყალბი დიპლომების დამზადების ბრალდებით დაკავებული დავით ჩიტაია?
- +

29 ნოემბერი. 2016. 16:31

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყალბი დიპლომების გაცემის ბრალდებით დაკავებული დავით ჩიტაია, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტ „იბერიის" დამფუძნებელია, ასეთივე საქმეზე რამდენჯერმეა ნასამართლევი.



Aris.ge-განათლებამ ჩიტაიას შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიპოვა.



დავით ჩიტაია 1961 წელს სოხუმში დაიბადა და პროფესიით ისტორიკოსია. წლების მანძილზე მუშაობდა სოხუმისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში დოცენტის თანამდებობაზე, ასევე, თსუ-ს ქვემო ქართლის ფილიალში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ.



სწორედ მას უკავშირდება თსუ-ს ქვემო ქართლის ფილიალში მუშაობის პერიოდში გაცემული ყალბი დიპლომების საქმე.



2008 წელს დავით ჩიტაიამ დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი „იბერია" დააარსა. როგორც ის აღნიშნავდა, უნივერსიტეტს ხელშეკრულება უკრაინაში მოქმედ აკრედიტებულ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კერძოდ პეტრე მოგილის სახელობის ნიკოლაევის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტთან ჰქონდა გაფორმებული. თუმცა უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. ათეულობით სტუდენტს კი, ვისაც სწავლის საფასური გადახდილი ჰქონდათ, თანხა დაეკარგათ და არც გავლილი სემესტრი ჩაეთვალათ მობილობაში.


2009 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები „იბერიაში" შევიდნენ, დოკუმენტაცია ამოიღეს და უნივერსიტეტი დალუქეს.



ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩიტაიამ მთავარ პროკურატურას მიმართა და „იბერიის" დახურვასა და ფულის გამოძალვაში შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელი და სიმამრი ალიბეგ სალაყაია დაადანაშაულა.



დავით ჩიტაიას ინფორმაციით, ის 2009-2012 წლებში სამი თვის განმავლობაში სულ 3-ჯერ დააკავეს და თაღლითობის მუხლით ბრალი 4-ჯერ წაუყენეს. ჩიტაია ბრალს უსაფუძვლოს უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ პატიმრობისგან თავდასაღწევად ჯამში საპროცესო შეთანხმებით 440 000 ლარი გადაიხადა, ამის გარეშე გამოძალულმა თანხამ კი, მისი ინფორმაციით, 165 000 აშშ დოლარი შეადგინა.



შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა სამსახურმა დავით ჩიტაია გუშინ დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს 4 000 ლარის სანაცვლოდ, ძველი თარიღით ამზადებდა. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მე-2 კურსზე ჩარიცხვის სანაცვლოდ მოქალაქეებს 5 000 აშშ დოლარს ართმევდა. დიპლომებს თბილისში, კომპიუტერული მომსახურების ერთ-ერთ კომპანიაში ამზადებინებდა, ხოლო დიპლომში დეკანის და რექტორის ხელმოწერას თავად აყალბებდა.



წყარო - edu.aris.ge

 

 

 

 

არქივი