geo_flag eng_flag rus_flag

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 6 ა/მანქანა და 589 კვ.მ კომერციული ფართი დაუბრუნდებათ
- +

2 სექტემბერი. 2016. 13:45



საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 6 ავტომანქანა და თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 589 კვ.მ. კომერციული ფართი დაუბრუნდებათ.


„დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის მაისის თვეში შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს თაღლითობის ბრალდებით  დაკავებული ჰყავდათ დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „იბერიას" დირექტორი დავით ჩიტაია.

 

გამოძიების მსვლელობისას შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პატიმრობაში მყოფ დავით ჩიტაიას შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას საპროცესო შეთანხმებისთვის უნდა გადაეხადა ჯარიმა 140 000 ლარი და ამავდროულად, გენერალური ინსპექციისთვის შეეძინა „ჰიუნდაის" მარკის ა/მანქანა, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების „ჩრდილოვან მხარედ". წინააღმდეგ შემთხვევაში მას  დიდი ხნით მოუწევდა ციხეში ყოფნა.

 

აღნიშნული ზეწოლის შედეგად, დავით ჩიტაია იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მან საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გადახდასთან ერთად,  ოჯახის წევრების მეშვეობით, „ჰიუნდაის" ცენტრში 27000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა „ჰიუნდაი ტუქსონ IX35", რომელიც მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

 

2011 წლის შემოდგომას, მთავარი პროკურატურა ფინანსური დანაშაულის ფაქტზე აწარმოებდა გამოძიებას შპს „შარაგზამშენი პირველის" დირექტორის გულადი ბერაიას მიმართ. გამოძიების მსვლელობისას, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა ბიზნესმენ გულადი ბერაიას წაუყენეს პირობა, რომ თუ მას სურდა, ციხეში არ მოხვედრილიყო და გაფორმებოდა საპროცესო შეთანხმება, 190 000 ლარად უნდა შეეძინა „ჰიუნდაის" მარკის 5 ავტომანქანა და შემდგომ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით გადაეცა სახელმწიფოსთვის. ბიზნესმენი იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის უკანონო მოთხოვნას, „ჰიუნდაის" ცენტრში იძულებით შეიძინა ხუთი ერთეული „ჰიუნდაი IX35" და ჩუქების გზით გადასცა სახელმწიფოს,  რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.

 

პროკურატურის უკანონო ქმედებებით ასევე დაზარალდნენ შპს „აბა და კომპანია"-ს მეწილეები, რომელთაც მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის უკანონო მოთხოვნით იძულებით დათმეს მათი კომპანიის ბალანსზე არსებული თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 589 კვ.მ. კომერციული ფართი. კერძოდ, 2007 წლის დასაწყისში, მთავარი პროკურატურა სწავლობდა ზემოხსენებული კომერციული ფართის აუქციონზე გატანის და შესყიდვის კანონიერების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მსვლელობისას ვერ იქნა დადგენილი შპს „აბა და კომპანია"-ს წარმომადგენლების მხრიდან ქონების შეძენისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის კატეგორიული მოთხოვნით და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მუქარით, მათ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს კომპანიის კუთვნილი კომერციული ფართი.

 

გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული შსს გენერალური ინსპექციის და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ, რომელთაც დატოვებული აქვთ პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნება დისკრეცია და არ მოხდება მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება შსს და პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.

 

ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, სახელმწიფოს მიერ მოქალაქე დავით ჩიტაიას დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული „ჰიუნდაი ტუქსონ IX35" მარკის ა/მანქანა, ბიზნესმენ გულადი ბერაიას ასევე „ჰიუნდაი IX35" მარკის 5 ა/მანქანა, ხოლო შპს „აბა და კომპანია"-ს წარმომადგენლებს გადაეცემათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 589 კვ.მ. კომერციული ფართი.

 

ახალი დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ქონების უკანონოდ ჩამორთმევის სხვა ფაქტების გამოსავლენად, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში პროკურატურა საზოგადოებას აცნობებს იძულებით ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნების მორიგი გადაწყვეტილების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

არქივი